რომან გოცირიძე - ალბათობა, რომ ოთხი ოპოზიციური ცენტრიდან ერთი დარჩეს გარეთ, დიდია, რაც დანაშაულებრივი რეჟიმის ხელისუფლებაში დარჩენას ნიშნავს, ამას ხალხი ოპოზიციას არასდროს აპატიებს
ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გიორგი გახარიას პარტიის კომენტარები „ქართული ოცნების“ დანაშაულის გამართლებაა, რომელმაც ანაკლიის პროექტი მიზანმიმართულად ჩაძირა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ პროცესმა პოლიტიკური დევნის ხასიათი მიიღო, სამწუხაროდ, საერთაშორისო არბიტრაჟმა არ გაითვალისწინა – და ვერც გაითვალისწინებდა – ამ საქმის პოლიტიკური კონტექსტი.
„გიორგი გახარია უპასუხისმგებლოდ იქცევა. ანაკლიასთან დაკავშირებული მისი პარტიის კომენტარები „ქართული ოცნების“ დანაშაულის გამართლებაა, რომელმაც ანაკლიის პროექტი მიზანმიმართულად ჩაძირა. ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად ხელისუფლებამ ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ ხანდაზმულობის ვადაგასული საქმე წამოიწყო და გადააკვალიფიცირა ფულის დიდი ოდენობით გათეთრების მუხლად. ამ პროცესმა აშკარა პოლიტიკური დევნის ხასიათი მიიღო. სამწუხაროდ, საერთაშორისო არბიტრაჟმა არ გაითვალისწინა – და ვერც გაითვალისწინებდა – ამ საქმის პოლიტიკური კონტექსტი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
მისი თქმით, მაშინ როდესაც ხელისუფლების დასამარცხებლად აუცილებელია ოპოზიციის გაერთიანება და ე.წ. არანაცური მძლავრი კოალიციის შეკვრა „ლელოსა“ და გიორგი გახარიას პარტიას შორის, ანაკლიის თემაზე სახელისუფლებო პოზიციიდან, ვიწროპარტიული თუ პიროვნული შურისძიების მოტივით წარმოებული კამპანია საერთო საქმეს ვნებს.
„არც მამუკა ხაზარაძის მიერ გახარიასადმი წაყენებული ულტიმატუმი იყო სწორი, როდესაც გაერთიანების წინაპირობად კითხვებზე პასუხის გაცემას მოითხოვდა. როგორც ჩანს, ამ ფლანგზე ოპოზიციის გაერთიანების შანსი, ფაქტობრივად, მინიმუმამდე დავიდა. ნუ მივეცემით ილუზიებს. არასდროს საქართველოს არჩევნების ისტორიაში, მაღალი ბარიერით შემდგარ არჩევნებში ოთხ პარტიას ეს ბარიერი არ დაუძლევია. ერთხელ მოხდა, როცა ორზე მეტმა ოპოზიციურმა პარტიამ ბარიერი გადალახა და ისიც მხოლოდ სამმა პარტიამ შეძლო. ალბათობა იმის, რომ ამ ოთხი ოპოზიციური ცენტრიდან ერთი დარჩეს გარეთ, უფრო დიდია, ვიდრე ის, რომ პირიქით მოხდეს. ეს კი ამ დანაშაულებრივი რეჟიმის ხელისუფლებაში დარჩენას ნიშნავს. ამას ხალხი ოპოზიციას არასდროს აპატიებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.