ოლივერ ვარჰეი - ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაა, საქართველო ფოკუსირდეს რეკომენდაციებზე, რომელიც ევროკომისიის შეფასებაშია, იმედი მაქვს, საქართველოში ამისთვის ყველა იმუშავებს
ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც საქართველოს შემიძლია მივცე, არის ფოკუსირება რეკომენდაციებზე, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ სტრასბურგში განაცხადა, სადაც ევროპარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა.
ევროკომისრის განცხადებით, საქართველომ რეკომენდაციების შესრულებისთვის უნდა იმუშაოს.
„ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც საქართველოს შემიძლია მივცე, არის ფოკუსირება რეკომენდაციებზე, რომელიც ევროკომისიის შეფასებაშია საიმისოდ, რომ დისკუსია სწრაფად გადავზარდოთ, როგორ უნდა გახდეს საქართველო კანდიდატი ქვეყანა. იმედი მაქვს, რომ საქართველოში ამისთვის ყველა იმუშავებს“, – განაცხადა ვარჰეიმ.
ამასთან, კითხვაზე, რომ სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის სრული სპექტრი არ არის ჩართული, ვარჰეიმ განაცხადა, რომ ის ვერ ურჩევს ქვეყანას, როგორ მოიქცეს.
„საქართველო სუვერენული ქვეყანაა და იცის, რაც უნდა გააკეთოს. ამიტომ, მე ვერ ვეტყვი ქვეყანას, როგორ მოიქცეს, მაგრამ ჩემი უმთავრესი რჩევა ყველასთვის იქნება, რომ იმუშაონ ამისთვის. ეს უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მოდის“, – აღნიშნა ვარჰეიმ.