ოლივერ ვარჰეი - პანდემიის დასაწყისიდან ევროკავშირი ქართველ ხალხს გვერდით ედგა და კვლავ გააგრძელებს საქართველოს დახმარებას
გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას მისი ეკონომიკური აღდგენისთვის და რეფორმების დღის წესრიგის წინ წასაწევად, რათა მოხდეს ასოცირების შესახებ შეთანხმების სრულად განხორციელება და მისგან სარგებელის მიღება, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.
ევროკომისარი აცხადებს, რომ პანდემიის დასაწყისიდან ევროკავშირი ქართველ ხალხს გვერდით ედგა.
„გასულ წელს საქართველოს დასახმარებლად 183 მილიონი ევროს გრანტების სახით მობილიზება მოვახდინეთ კორონავირუსის პანდემიის დასაძლევად. გარდა ამისა, ევროკავშირმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება გამოყო. გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას მისი ეკონომიკური აღდგენისთვის და რეფორმების დღის წესრიგის წინ წასაწევად, რათა მოხდეს ასოცირების შესახებ შეთანხმების სრულად განხორციელება და მისგან სარგებელის მიღება. კავშირების და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება ამ კონტექსტში გადამწყვეტ როლს ასრულებს და მნიშვნელოვანია ინვესტიციების გაზრდისათვის“, – განაცხადა ვარჰეიმ.
ევროკომისიამ და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა დღეს გამოაქვეყნეს ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელიც დეტალურად ასახავს ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს მთელი რიგი მიმართულებებით.
დოკუმენტი ასკვნის, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის კრიზისის მიუხედავად, საქართველო განუხრელად მისდევდა არჩეულ ევროპულ გზას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანა წარმატებით აგრძელებდა ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების განხორციელებას, მათ შორის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვას.
ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საუბრობს მის აქტიურ ჩართულობაზე კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში. ანგარიშში ხაზგასმულია ასევე მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელსაც ევროკავშირის მხრიდან ძალზე დადებითი შეფასება და მხარდაჭერა აქვს. ანგარიში დადებითად აფასებს ქვეყნის მიერ გაუმჯობესებულ სტატისტიკას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებზე მიერთების მხრივ, რაც საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე პოზიციების თანხვედრაზე მიუთითებს.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მიუხედავად შემცირებული ვაჭრობისა, ევროკავშირი როგორც ერთიანი სავაჭრო ბლოკი, რჩება საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად და რომ ქვეყანა აგრძელებს ძალისხმევას ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის აღიარების კუთხით.