ოლივერ ვარჰეი - საქართველო ევროპული ქვეყანაა თავისი გულითა და სულით, ჩვენ საერთო ფესვები გვაქვს, მე აქ ვდგავარ და ვამბობ, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია
ოლივერ ვარჰეი - საქართველო ევროპული ქვეყანაა თავისი გულითა და სულით, ჩვენ საერთო ფესვები გვაქვს, მე აქ ვდგავარ და ვამბობ, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია

საქართველო ევროპული ქვეყანაა თავისი გულითა და სულით, ჩვენ საერთო ფესვები გვაქვს, მე აქ ვდგავარ და ვამბობ, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში, საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და დამსწრე საზოგადოებას ქართულად მიესალმა.

„ჩემთვის დიდი პატივია, დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფებოდე და თქვენთან ერთად აღვნიშნო საქართველოს დამოუკიდებლობა. „ევროპალიის“ ფესტივალი ეძღვნება საქართველოს. ეს არის ბრწყინვალე შესაძლებლობა, გამოვიკვლიოთ საქართველოს ბრწყინვალე წარსული, მდიდარი კულტურა, ტრადიციები, თანამედროვე ხელოვნება და ასევე, დავინახოთ საქართველოს უახლოესი მომავალი.

მქონდა პრივილეგია, რამდენჯერმე ჩამოვსულიყავი თქვენს ბრწყინვალე ქვეყანაში. ჩემი მანდატის დასაწყისიდან რაც ყველაზე მეტად მაკვირვებდა, როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, ეს გახლავთ ტრადიცია და სტუმართმასპინძლობა. ისეთი რამ, რაც დღეს ჩანს და რაზეც შეგვიძლია, ჩვენი საერთო მომავალი ავაშენოთ.

ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა საქართველოს წარსული აღვნიშნოთ, მაგრამ ჩვენი მზერა მიპყრობილია მომავლისკენ. საქართველო ფუნდამენტურად ევროპული ქვეყანაა თავისი გულითა და სულით. ჩვენი საერთო ფესვები და მემკვიდრეობა უბრუნდება ბერძენთა და რომაელთა დროს, ღირებულებები კი, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ, გვაკავშირებს ევროპულ ოჯახთან. მე აქ ვდგავარ და ვამბობ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.