ოლივერ ვარჰეი - საქართველოს ძალისხმევა კარგად არის მიღებული, საქართველო ეკუთვნის ევროკავშირის ოჯახს და მიიღებს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე
საქართველო ეკუთვნის ევროკავშირის ოჯახს და ის მიიღებს ყველა მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე, – ამის შესახებ სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
„კარგი შეხვედრა იყო პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან. ჩვენ შევაფასეთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რომლებიც ეხება 12 ძირითად პრიორიტეტს. ყოველივე ეს იქნება საქართველოს გაფართოების ანგარიშში. საქართველოს ძალისხმევა კარგად არის მიღებული. საქართველო ეკუთვნის ევროკავშირის ოჯახს და ის მიიღებს ყველა მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის შეხვდა. ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესზე იმსჯელეს.