ოლივერ ვარჰეი - საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე განვიხილავთ, როგორ გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება
საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გავაგრძელებთ განხილვას, როგორ გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, როგორც ცნობილია, ევროკომისიამ უკვე დაამტკიცა უკრაინისადმი მნიშვნელოვანი მხარდაჭერის პაკეტი.
„ჩვენ არა მხოლოდ დავამტკიცეთ 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, ჩვენ ასევ გამოვყავით ამ დახმარების ნახევარი, რაც ნიშნავს, რომ 600 მილიონი ევრო უკვე უკრაინას აქვს. ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ მათ სურსათის მიღებაში, ადამიანებისთვის უსაფრთხო თავშესაფრებში, ასევე დავეხმაროთ მათ რეფორმების გაგრძელებასა და მდგრადობის გაძლიერებაში. ჩვენ ასევე დავიწყეთ 120 მილიონი ევროს გამოყოფა რეფორმების პროექტისთვის, დავიწყეთ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების განაცხადზე მუშაობა, დასკვნის მოსამზადებლად. ეს არის საკითხი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და პრეზიდენტმა ზელენსკიმ პარასკევს განიხილეს. ჩვენ დავიწყეთ ეს პროცესი და ვიმუშავებთ რაც შეიძლება სწრაფად, რომ ის შევასრულოთ“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.