ოლივერ ვარჰეი - პოლარიზაცია არ არის გამონაკლისი საქართველოსთვის, თუმცა კანდიდატის სტატუსის მიმართულებით წარმატება ვერ იქნება მიღწეული შეთანხმების გარეშე, რომ ეს ნამდვილად ეროვნული პრიორიტეტია
კანდიდატის სტატუსის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით წარმატება ვერ იქნება მიღწეული იმაზე შეთანხმების გარეშე, რომ ეს ნამდვილად ეროვნული პრიორიტეტია. ეროვნული პრიორიტეტი უნდა იყოს განხორციელებული პოლიტიკური ქმედებებით არა მხოლოდ მთავრობის მიერ, არამედ ყველა მოთამაშის მიერ, რომელიც ფუნქციონირებადს ხდის ქვეყანას, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილთან და ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვარჰეიმ უპასუხა კითხვას, შესაძლებელი იქნება თუ არა პოლარიზაციის დაძლევა მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ჩართულობის გარეშე და რა იქნება ევროკომისიის რჩევა ოპოზიციური პარტიებისა და მმართველი პარტიის მიმართ.
ვარჰეის თქმით, პოლარიზაციის მხრივ საქართველო არ არის გამონაკლისი და მსგავსი გამოწვევა სხვა ქვეყნებსაც აქვთ.
„მეც მინდა, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება იმ სფეროდან, რასაც მინახავს. ბევრი კანდიდატი ქვეყნის ისტორიას ვაკვირდები და მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია არ არის გამონაკლისი და ექსკლუზიური საქართველოსთვის, სხვა ქვეყნებშიც არსებობს მსგავსი გამოწვევა, თუმცა, წარმატება კანდიდატის სტატუსის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით ვერ იქნება მიღწეული იმაზე შეთანხმების გარეშე, რომ ეს არის ნამდვილად ეროვნული პრიორიტეტი. ამიტომ, ეროვნული პრიორიტეტი არა მხოლოდ უნდა განისაზღვროს და იყოს შეთანხმებული და შეჯერებული, არამედ იყოს განხორციელებული პოლიტიკური ქმედებებით პარლამენტში, არა მხოლოდ მთავრობის მიერ, არამედ ყველა მოთამაშის მიერ, რომელიც ფუნქციონირებადს ხდის ქვეყანას“, – განაცხადა ვარჰეიმ.