ოლივერ ვარჰეი - მომდევნო კვირებში ნახავთ ახლებურ მიმართულებას გაფართოებასთან დაკავშირებით, პაკეტს, რომელიც ახლა მოიცავს ათ კანდიდატ ქვეყანას და ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ ევროპული პერსპექტივა
მომდევნო კვირებში თქვენ ნახავთ ჩვენი აზროვნების ახლებურ მიმართულებას გაფართოებასთან დაკავშირებით, პაკეტს, რომელიც ახლა მოიცავს ათ კანდიდატ ქვეყანას და ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ ევროპული პერსპექტივა, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.
როგორც ევროკავშირის არაფორმალურ მინისტერიალზე ვარჰეიმ განაცხადა, ანგარიში ძირითადად ოთხ მიმართულებას მოიცავს.
„ამ ანგარიშში ჩვენ არა მხოლოდ გვსურს წინსვლა, არამედ გვსურს, მივცეთ საშუალება უფრო სწრაფ ინტეგრაციას. ეს მოიცავს ზრდის გეგმას დასავლეთ ბალკანეთისთვის, რომელიც დაეფუძნება ოთხ საყრდენს. ესაა სოციალ-ეკონომიკური რეფორმების გაძლიერება ევროკავშირში რეგიონის მიერთების დაჩქარებისთვის; მეორე – ჩვენ გვსურს, გაწევრიანებამდე მივცეთ ეტაპობრივი ინტეგრაციის საშუალება ამ ქვეყნებს ერთიან ბაზარში ევროკავშირის ოთხი თავისუფლების მიმართულებით; მესამე პუნქტი მოიცავს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორებიც არის კანონის უზენაესობა და დემოკრატია; მეოთხე – ჩვენ გვსურს, უზრუნველვყოთ საჭირო ინსტრუმენტები ეკონომიკური და სოციალური ნაპრალების ამოსავსებად. დარწმუნებული ვართ, რომ ამ პროცესით ჩვენ შეგვიძლია, მივცეთ ახალი ინსტრუმენტი ჩვენს მდგომარეობას, რომლითაც ევროკავშირი შეძლებს, აჩვენოს, რომ მზად არის ახალი წევრების მისაღებად. ის მზად არის, შექმნას სწორი პირობები ახალი წევრების მისაღებად. ახლა კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული, სრულად გამოიყენონ ეს შესაძლებლობები. ჩვენი დასკვნით, ახალი წევრების მისაღებად ხელშეკრულების ცვლილება საჭირო არ არის. ნათელია, რომ შიდა დებატი შეიძლება წარიმართოს გაწევრიანების პროცესის პარალელურად“, – განაცხადა ვარჰეიმ.