ოლივერ ვარჰეი - მოხარული ვარ, რომ დეპუტატები დაბრუნდნენ პარლამენტში, ახლა ყველა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი 19 აპრილის შეთანხმებას და ერთად იმუშაონ მისი შესრულებისთვის
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი ოლივერ ვარჰეი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ მოხარულია დეპუტატების პარლამენტში შესვლით, ვინაიდან პარლამენტი არის ადგილი, სადაც პოლიტიკური დებატები უნდა გაიმართოს.
როგორც ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ყველა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი 19 აპრილის შეთანხმებას და ერთად იმუშაონ მისი შესრულებისთვის.
„მოხარული ვარ, რომ დეპუტატები დაბრუნდნენ პარლამენტში. სწორედ ეს არის ადგილი, სადაც დებატები უნდა გაიმართოს. ახლა ყველა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას და იმუშაოს ერთად მისი შესრულებისთვის”, – წერს ოლივერ ვარჰეი.
ოლივერ ვარჰეი „ტვიტერის“ გვერდზე ასევე წერს, რომ შეხვედრაზე საქართველოში ბოლო ორი დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. მისი თქმით, ძალადობა და ვანდალიზმი აბსოლუტურად მიუღებელია.
„ასევე განვიხილეთ ბოლო ორი დღის მოვლენები. ძალადობა და ვანდალიზმი აბსოლუტურად მიუღებელია. ძალადობით ან ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციით შეუზღუდავი გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული. მადლობელი ვარ პარლამენტის ევროკავშირის დროშის თავის ადგილზე დაბრუნებისთვის“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.