ოლივერ ვარჰეი - მე გულწრფელად მწამს, რომ საქართველო შეასრულებს საჭირო პირობებს და ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას
მე გულწრფელად მწამს, რომ საქართველო შეასრულებს საჭირო პირობებს და ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში, საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ოლივერ ვარჰეის თქმით, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები ობიექტურად იქნება შეფასებული და შედეგებს მოიტანს.
„ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ გზაგასაყარზე. ერთი წლის წინ ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და ამ კონტექსტში, მოხარული ვარ, რომ საქართველოში რეფორმები მიმდინარეობს და გვინდა, ვიხილოთ მდგრადი, წარმატებული პროცესი. გარწმუნებთ, თქვენი დაძაბული სამუშაო, ვალდებულებები, რომელიც აიღეთ, შეფასებული იქნება ობიექტურად და მოიტანს შედეგებს ჩვენი მხრიდან. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა გახლავთ უმთავრესი ინსტრუმენტი, რომელიც დააახლოებს საქართველოსა და ევროკავშირს ყოველდღე. მილიარდ 200 მლნ ინვესტიციებით, რომლის მობილიზება უკვე მოხდა, ჩვენ ველოდებით ისეთი პროექტების განხორციელებას, როგორიც არის შავი ზღვის ელექტროენერგიისა და ციფრული კაბელი, რომელიც განხორციელდება უახლოეს თვეებში და კიდევ უფრო დაგვაახლოებს.
საღამოს ვნახავთ, რა აკავშირებს ქართველებს ერთმანეთთან – ღრმა სიყვარული ქვეყნის მიმართ, ნდობა, საქართველოს სილამაზე და ევროპის სიძლიერე. ასეთი სულისკვეთებით, ყველა პროფესიის ქართველს შეუძლია, საკუთარი მისწრაფებები დაუკავშიროს ერთმანეთს საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
მე გულწრფელად მწამს, რომ საქართველო შეასრულებს საჭირო პირობებს და ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. დასკვნისთვის მინდა, მოვუწოდო ყველას, დაესწრონ ყველა ღონისძიებას, რომელიც დაგეგმილია, რადგან საქართველოს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია და ბევრი რამეც არ ვიცით ევროპაში საქართველოს შესახებ“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.