ოლივერ ვარჰეი - გამოწვევებისა და გაურკვევლობების მიუხედავად, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ დაიწყეს გაწევრიანების პროცესი, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ეფექტურობის აღიარებაა
გამოწვევებისა და გაურკვევლობების მიუხედავად, ჩვენმა სამმა პარტნიორმა ქვეყანამ: უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ დაიწყეს გაწევრიანების პროცესი, რაც არის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ეფექტურობის ცხადი აღიარება, ამ ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოებით, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიმართვისას აღნიშნა.
როგორც ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, შექმნიდან 15 წლის გასვლის შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობას აქვს მნიშვნელოვანი შედეგები სხვადასხვა ადგილას.
„მადლობას გიხდით აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მუდმივი მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით ამ გამოწვევების ეპოქაში. როდესაც რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება, ევროკავშირის მტკიცედ სოლიდარულია უკრაინელი ხალხის მიმართ, რადგანაც ისინი თავიანთ თავისუფლებას იცავენ. ჩვენ არ დავიღლებით ჩვენს ძალისხმევაში, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთი გამოწვევების წელი სამხრეთ კავკასიაში, 100 000 ადამიანის გადაადგილება მთიანი ყარაბაღიდან. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები აქტიურად და სწრაფად მუშაობენ ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველსაყოფად, რაც საჭიროა ლტოლვილების გადაუდებელი საჭიროებისთვის. ისინი ასევე მუშაობენ სომხეთის მთავრობასთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რომ ჰქონდეთ გრძელვადიანი ინტეგრაცია, მათ შორის განსახლება. ამავე დროს, ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა, უზრუნველყოფილი იყოს მდგრადი მშვიდობა რეგიონში. ევროკავშირი მზად არის შუამავლობის გასაგრძელებლად და ჩვენ ასევე მზად ვართ ტრანსსასაზღვრო კავშირის ინვესტირებისთვის, როდესაც პირობები ამის საშუალებას მოგვცემს. ეს სარგებელს მისცემს რეგიონის მთელ მოსახლეობას. ჩვენ ასევე ვმუშაობთ სომხეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე და ვაძლიერებთ უსაფრთხოების თანამშრომლობას, სექტორულ მუშაობას და ინვესტირებას. გაერო-ს კლიმატური ცვლილებების სამიტის მოახლოების ფონზე, ჩვენ ასევე გვაქვს ერთობლივი მყარი დღის წესრიგი აზერბაიჯანთან, რაც მიზნად ისახავს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას და განახლებად ენერგიებში ინვესტიციების გაგრძელებას. ნება მიბოძეთ, მივესალმო ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ჩვენ კვლავ ვაჩვენებთ მედეგობას ლუკაშენკოს რეჟიმის სასტიკი სადამსჯელო ღონისძიებების პირისპირ. ბელარუსის მოსახლეობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა არის უეჭველი პრიორიტეტი. ეს მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას სხვადასხვა სექტორში, ასევე დემოკრატიული ოპოზიციის მხარდაჭერას საზღვარგარეთ. ამ გამოწვევების და გაურკვევლობების მიუხედავად, ჩვენმა სამმა პარტნიორმა ქვეყანამ: უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ დაიწყეს გაწევრიანების პროცესი, რაც არის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ეფექტურობის ცხადი აღიარება, ამ ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოებით. შექმნიდან 15 წლის გასვლის შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობას აქვს მნიშვნელოვანი შედეგები სხვადასხვა ადგილას“, – განაცხადა ვარჰეიმ.
მისივე თქმით, სტრატეგიული და მოქნილი რეგიონული დიალოგის და თანამშრომლობის ფორმატით, აღმოსავლეთ პარტნიორობა ასევე ადაპტირებულია სწრაფად მზარდ გამოწვევებთან.
„ამ კონტექსტში, ჩვენ გავაძლიერეთ ჩართულობა უსაფრთხოების, კარგი მმართველობის და სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის კუთხით, ასევე მწვანე და ციფრული გადასვლის, ენერგოეფექტურობის და ჯანდაცვის მედეგობის ინვესტირება. აღმოსავლეთ პარტნიორობის საშუალებით, ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ გაწევრიანების პროცესში მყოფ ახალ პარტნიორებს რეგიონში. დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობის დროს, როგორიცაა „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეა, გადამწყვეტი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორების პრიორიტეტების გათვალისწინება“, – განაცხადა ვარჰეიმ.