ოლივერ ვარჰეი - ევროკავშირის წევრობის გზაზე წინსვლისთვის საუკეთესო გზა იმ დათქმების შესრულებაა, რაზეც ხელი გვაქვს მოწერილი, ამ გზით შეიძლება, დაამტკიცოთ, რომ სერიოზულად უდგებით ამ ვალდებულებებს
რაც შეეხება საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ეს საქართველოს პრეროგატივა. არსებობს პროცედურა განაცხადის შეტანისთვის, თუმცა როცა ქვეყანა ცდილობს, ამხელა განაცხადი გააკეთოს, მან არგუმენტირებულად უნდა მოახდინოს თავისი პოზიციის გამყარება, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ევროკომისრის თქმით, ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია, დაძლიოს ყველა გამოწვევა და შეასრულოს ყველა ის პირობა, რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის.
„მე, ასევე ვიცი საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერი, რომ საბოლოო მიზანი არის საქართველოს ევროკავშირში წევრობა. სწორედ ამიტომ, მსგავსი დათქმა არსებობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმებაში, რომ საქართველო კისრულობს ვალდებულებას ამ გზაზე შეასრულოს ყველა ვალდებულება. საუკეთესო გზა ამ გზაზე წინსვლისთვის არის სწორედ დათქმების შესრულება, რაც ჩვენ გვაქვს ხელმოწერილი, რადგან ამ გზით შეიძლება, დაამტკიცოთ, რომ სერიოზული ხართ ამ ვალდებულების მიმართულებით. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ბევრი რამ არის გასაკეთებელი არსებული მექანიზმებით, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას. ის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რაც მე ვახსენე, იმედი მაქვს, დაეხმარება ქვეყანას დააჩქაროს ეკონომიკური, სოციალური ინტეგრაცია ჩვენს საზოგადოებასთან“, – განაცხადა ვარჰეიმ.