ოლივერ ვარჰეი - ძალიან გვახარებს, რომ საქართველოსთვის უკვე მობილიზებულია 1,9 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია, ეს ინვესტიციები პირდაპირ ეკონომიკაში შევა, რაც ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს
ჩვენ ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ უკვე მობილიზებულია 1,9 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია, ეს არის შეტანილი საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაში, ეს ინვესტიციები პირდაპირ ეკონომიკაში შევა და მოხდება კაპიტალდაბანდება ისეთ სექტორებში, როგორებიც არის ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ფინანსებზე წვდომა, მცირე და საშუალო ბიზნესი, გარემოს დაცვა, ადამიანის უფლებები და განვითარება, – ამის შესახებ ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.
როგორც ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს ინვესტიციები უკვე ზრდის სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს.
„მიმაჩნია, რომ ეს გეგმა კიდევ უფრო მეტი პოტენციალის მქონეა და შეიძლება უფრო სწრაფად და უფრო მეტად იქნეს გამოყენებული ქვეყანაში. შესაძლოა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ხელშესახები პროექტი, რაც გვაქვს წინ, არის შავი ზღვის ელექტროენერგიის და ინტერნეტის ფართოზოლოვანი კაბელის პროექტი, ეს არის ის დიდი მასშტაბური პროექტი, რომელიც იქნება სახელმძღვანელო სხვა პარტნიორებისთვის. არა მარტო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, არამედ სხვა ქვეყნებში, სხვა რეგიონებში. ეს მოდელი არის სამაგალითო ყველა პარტნიორისთვის“, – განაცხადა ვარჰეიმ.
ევროკომისრის განცხადებით, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე საუბარი იყო სატრანსპორტო კავშირებზე, სადაც ახალი სავაჭრო კავშირები და მარშრუტები არის გადამწყვეტი. მისი თქმით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ახალი სავაჭრო მარშრუტის ცენტრი გახდეს.
„ამისთვის გვჭირდება შავი ზღვა, რომ იქცეს ახალ დერეფნად ევროპისკენ. ამისთვის ჩვენ გვჭირდება საპორტო ინფრასტრუქტურის შეკეთება და გაუმჯობესება. ასევე, ვახსენე უახლოესი ნაბიჯები, რაც გულისხმობს ღია შესაძლებლობას საქართველოსთვის, პირველ ორ სფეროს, სადაც უკვე გვაქვს წინსვლა, ეს არის როუმინგი და ევროპაში პირველი ანგარიშსწორების მექანიზმები. როუმინგი არის ის სფერო, სადაც საქართველოს მთავრობამ ძალიან დიდი ტემპით განახორციელა ნაბიჯები, ანგარიშსწორების სისტემა არის ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ ურთიერთჩართვა ვიქონიოთ და ამით როუმინგის ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება. ეს იქნება ის საეტაპო ცვლილება, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის იქნება ცხადი და შესამჩნევი ვიზალიბერალიზაციის შემდეგ; მეორე სფერო და მიმართულება, სადაც ვმუშაობთ, არის ანგარიშწორების სისტემა, აქ ჯერ კიდევ გვაქვს ნაბიჯები გადასადგმელი. საქართველო როგორც კი მზად იქნება, ჩვენ უკვე მზად ვართ. საუბარია საკანონმდებლო ნორმების დახვეწაზე, საბანკო სექტორში წესების გაუმჯობესებაზე. საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი და ჩვენ შეხვედრაზე ამაზე ბევრი ვისაუბრეთ, ჩვენ გადავდივართ უფრო დიდი სიჩქარით ახალი სიმაღლეებისკენ და ეს იქნა აღნიშნული“, – განაცხადა ვარჰეიმ.