ოლივერ ვარჰეი და კარლ ჰარცელი საქართველოში ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოში ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა.
ევროკომისრის გარდა, შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც. ევროკომისარმა და ელჩმა შენობა კომენტარის გარეშე დატოვეს.
რაც შეეხება ქართული ბიზნესისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს, შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ICT კლასტერის“ დირექტორი მარიამ სუმბაძე, კომპანია „ბიოქიმფარმის“ დირექტორი რატი ღოლიჯაშვილი, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორი მარიამ ჯორჯაძე, საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად ჩხარტიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული პერსპექტივა სამომავლო გამოწვევებზე“ წარმომადგენელი მარიამ ხერგიანი.