ოლივერ ვარჰეი - არ მინდა, აქცენტი გავაკეთო ხელისუფლებაზე, ოპოზიციაზე, უნდა არსებობდეს ფუნდამენტური შეთანხმება ამოცანებზე, რომლებიც მიგვიყვანს ევროპისკენ, ვიმედოვნებ, იქნება მკაფიო დასტური ყველა მხრიდან
ოლივერ ვარჰეი - არ მინდა, აქცენტი გავაკეთო ხელისუფლებაზე, ოპოზიციაზე, უნდა არსებობდეს ფუნდამენტური შეთანხმება ამოცანებზე, რომლებიც მიგვიყვანს ევროპისკენ, ვიმედოვნებ, იქნება მკაფიო დასტური ყველა მხრიდან

უნდა არსებობდეს ფუნდამენტური შეთანხმება მიზანსა და ამოცანებზე, რომლებიც მიგვიყვანს ევროპისკენ. ამიტომ იმედი მაქვს, დღეს იქნება მკაფიო დასტური ყველა მხრიდან, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ვარჰეიმ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროპაში ვხედავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს, ამისთვის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესია, პარლამენტი კანონებს იღებს, თუმცა ძირითადად მმართველი პარტიის ჩართულობით. პარალელურად, ოპოზიციისგან გვესმის, რომ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. რა შეგიძლიათ გვითხრათ, რა არის თქვენი საზომი რეკომენდაციების შესრულების გზაზე, რა შემთხვევაში ჩათვლით, რომ რეკომენდაციები არის შესრულებული?“.

ოლივერ ვარჰეის თქმით, ეროვნული კონსენსუსი უნდა შედგეს, სხვა შემთხვევაში პროცესი მართვადი არ იქნება.

„უნდა შედგეს ეროვნული კონსენსუსი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მიზნით. ასე მუშაობს სისტემა, სხვანაირად არ მუშაობს ეს სისტემა, გვინახავს სხვა ქვეყნების შემთხვევაში, 2004, 2007-ში გაფართოების გზაზე, ხორვატიაც იგივე რეჟიმში იყო. ქვეყნის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც კონსენსუსი უნდა შედგეს, სხვა შემთხვევაში პროცესი მართვადი არ იქნება. ამიტომ არ მინდა, აქცენტი გავაკეთო ხელისუფლებაზე, ოპოზიციაზე, რადგან ყველაფერი იცვლება, მაგრამ რაც არ იცვლება, არის ის, რომ უნდა არსებობდეს ფუნდამენტური შეთანხმება მიზანსა და ამოცანებზე, რომელიც მიგვიყვანს ევროპისკენ. ამიტომ იმედი მაქვს, რომ დღეს იქნება მკაფიო დასტური ყველა მხრიდან. რა თქმა უნდა, მთავრობას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, ის გვთავაზობს წინადადებებს, ის გვთავაზობს საქმეს, რომელიც ეფუძნება ამ რეკომენდაციების შესრულებას, მაგრამ აქ ყველაზე მეტი წილი პარლამენტის გასაკეთებელია, ამიტომ მივდივარ პარლამენტში და მათთან შევაჯერებ პოზიციებს“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.