ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ არასოდეს დაუჭერს მხარს ღაზაში ცეცხლის ისეთ შეწყვეტას, რომელიც არ მოიცავს მძევლების უპირობო გათავისუფლებას
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის განცხადებით, არასოდეს დაუჭერს მხარს ღაზაში ცეცხლის ისეთ შეწყვეტას, რომელიც არ მოიცავს მძევლების უპირობო გათავისუფლებას.
მისივე თქმით, „ჰამასი“ სასჯელს თუ გადაურჩება, 7 ოქტომბერი, შეიძლება, ნებისმიერ ადგილას განმეორდეს. ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ იმუშავებს ისრაელთან, რათა გააფართოოს ევროკავშირის სანქციები ირანის სარაკეტო, უპილოტო საფრენი აპარატებისა და ბირთვული პროექტების წინააღმდეგ.
ოლივერ ვარჰეი ისრაელში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ვარჰეი შეხვდა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, ისრაელ კაცს. შეხვედრაზე ისრაელ კაცმა ვარჰეის განუცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მძევლების მიტოვების ტოლფასია.
პალესტინის სახელმწიფო დღეს ირლანდიამ, ესპანეთმა და ნორვეგიამ ოფიციალურად აღიარეს.