ოლიმპიური ქარტია – ეს არის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საწესდებო დოკუმენტების კრებული, რომელიც განსაზღვრავს ოლიმპიური მოძრაობის ამოცანებსა და მიზნებს, პრინციპებს, დებულებებს, ოლიმპიური თამაშების ჩატარების წესებს და ა.შ. ოლიმპიური ქარტიის საფუძვლები შეიმუშავა პიერ დე კუბერტენმა და დასამტკიცებლად წარუდგინა პარიზის სპორტის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონგრესს (1894).
წლების განმავლობაში ოლიმპიური ქარტიის სხვადასხვა პუნქტში შეჰქონდათ დამატებები, დაზუსტებები, აუცილებელი განმარტებები, ინსტრუქციები, მაგრამ კუბერტენის მიერ შემუშავებული ქარტია ძირითადად უცვლელი დარჩა. ქარტიას ახლავს რეგიონალური თამაშების ჩატარების წესები, ოლიმპიური თასის დებულება, ოლიმპიური ორდენის წესდება და სოკ-ის გამოცემათა ნუსხა.
ოლიმპიურ ქარტიაში რომლის ბოლო რედაქტირება 2011 წლის 8 ივლისით არის დათარიღებული ნათქვამია, რომ ოლიმპიური თამაშების გაუქმება იმ წელს, როდესაც წესით უნდა ჩატარებულიყო იწვევს მასპინძელი ქალაქის უფლებების გაუქმებას ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სხვა უფლებებზე ზემოქმედების გარეშე.
ასევე ქარტიაში ნათქვამია, რომ თამაშები ტარდება ყოველ ოთხ წელიწადში, ანუ ინომრება თანამედროვეობის პირველი თამაშებიდან – 1896 წლიდან, რაც, თავის მხრივ, არის ანტიკური ოლიმპიადების ტრადიციის ერთგულება და გაგრძელება. ქარტიაში არანაირ გამონაკლისებზე მინიშნება არ არის გაკეთებული. ოლიმპიადების რიგითობის თანმიმდევრულობა დაცულია 1914 (VI), 1944 (XII) და 1948 (XIII) წლებში, როცა ომების გამო არ შედგა თამაშები.
ქარტიაში ასევე წერია, რომ ოლიმპიადის პერიოდი არის ოთხი თანამიმდევრული კალენდარული წლის პერიოდი, რომელიც იწყება პირველი წლის პირველ იანვარს და მთავრდება მეოთხე წლის 31 დეკემბერს.
იმ შემთხვევაში თუკი ოლიმპიური თამაშები წლის ბოლომდე გაიმართება, მაშინ ის ოლიმპიური წესდების სრული დაცვით ჩატარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა ჯერ ქარტია უნდა შეცვალონ და მერე იმსჯელონ ტოკიო-2020-ის გადადების შესახებ.
წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საგანგებო სხდომა აპრილში არის ჩანიშნული.