საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კიდევ ოთხი რუსი მოთხილამურე დასაჯა და გააუქმა მათ მიერ 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგები. გარდა ამისა, მათ სამუდამოდ აეკრძალათ ოლიმპიადებში მონაწილეობა. ეს მოთხილამურეები არიან: მაქსიმ ვილეგჟანინი, ევგენი შაპოვალოვი, ალექსეი პეტუხოვი და იულია ივანოვა.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, ანალოგიური სასჯელი მიიღეს ალექსანდრ ლეგკოვმა და ევგენი ბელოვმა.
ვილეგჟანინმა სოჭის ოლიმპიადაზე სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა – 50 კილომეტრზე რბენაში, გუნდურ სპრინტსა და 4×10 კილომეტრზე ესტაფეტაში. რუსეთს სამივე ვერცხლი ჩამოერთმევა. უფრო ადრე, ლეგკოვს ჩამოართვეს თითო ოქროსა და ვერცხლის მედალი.
ასე რომ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთის ოლიმპიურ გუნდს ჩამოერთვა სოჭის ოლიმპიადის ოთხი მედალი – ერთი ოქრო და სამი ვერცხლი.