ოლიმპიური ჩირაღდანი - პარიზში 68-დღიანი მოგზაურობის შემდეგ #1TVSPORT
საბერძნეთიდან მასპინძელ ქალაქამდე ჩირაღდნის მოგზაურობა თანამედროვე ოლიმპიადების განუყოფელი ნაწილია.
2024 წელს ჩირაღდანი საბერძნეთში აინთო და 68-დღიანი მოგზაურობის შემდეგ, 14 ივლისს, ბასტილიის აღების დღეს პარიზს მიაღწია. გზად კი 400 ქალაქი გაიარა.
„ოლიმპიური ცეცხლი სპორტში ყველაფერზე მაღლაა, ოლიმპიურ იდეასა და ღირებულებებს განასახიერებს. ათასობით ადამიანი და ასობით ქალაქი შეეგება ოლიმპიურ ჩირაღდანს როგორც საფრანგეთში, ევროპაში, ასევე სხვა კონტინენტებზე“.
ჩირაღდნის დიზაინი მეტიუ ლეანოს ეკუთვნის.
„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ობიექტში ერთგვარი სიმშვიდის პოვნა, რადგან ჩირაღდანი პარიზის ოლიმპიადის ერთგვარი გასაღებია. მისი ალით მთავარი ოლიმპიური ცეცხლი აინთება და თამაშებიც სწორედ ამ მოვლენით გაიხსნება. ჩირაღდანი ერთიანობის სიმბოლოა. ამასვე გვეუბნება მისი ფორმა“, – აცხადებს ჩირაღდნის დიზაინერი.
ნარჩენი ფოლადისგან დამზადებული ჩირაღდანი 1.5 კილოგრამს იწონის. სიმაღლეში 70 სანტიმეტრია. მისი დიზაინი მდინარის ტალღების სტილშია გადაწყვეტილი, რადგან გახსნის ცერემონია მდინარე სენაზე გაიმართება.
ჩირაღდნის მოგზაურობა 26 ივლისს დასრულდება, როცა ბოლო მეჩირაღდნე ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე ცეცხლს აანთებს და პარიზი 2024-იც გახსნილად გამოცხადდება.