ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს - ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა, უპატივცემულობა გამოგვეხატა რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ, გახსნის ცერემონიით ვეცადეთ, გამოგვეხატა ტოლერანტობა
პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს, რადგან ღონისძიების ერთ-ერთმა მონაკვეთმა, სახელწოდებით „დღესასწაული“, რომელიც მაგიდასთან მსხდომი მოცეკვავეთა ჯგუფით გაიხსნა, საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
„როიტერი“ აღნიშნავს, რომ მონაკვეთმა, რომელიც ჰგავდა ბიბლიურ სცენას, იესო ქრისტესა და მისი მოციქულების ბოლო ვახშამს, რომელიც ქრისტეს ჯვარცმამდე იყო და რომელშიც მონაწილეობდნენ დრაგ ქუინები, ტრანსგენდერი მოდელები და შიშველი მომღერალი, რომელიც ბერძენ ღმერთს, დიონისეს განასახიერებდა, გამოიწვია კათოლიკური ეკლესიისა და მორწმუნე ხალხის შეშფოთება ამერიკაში.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კი განაცხადა, რომ მათ გაითვალისწინეს პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორების განმარტება.
როგორც „როიტერი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი ამაყობს მისი მდიდარი კათოლიკური მემკვიდრეობით, ასევე აქვს დიდი ხნის სეკულარიზმისა და ანტიკლერიკალიზმის ტრადიცია, მკრეხელობა არა მხოლოდ მიღებულია, არამედ ბევრი სიტყვის თავისუფლების მნიშვნელოვან ელემენტადაც განიხილავს.
„ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა, რომ უპატივცემულობა გამოგვეხატა რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ. გახსნის ცერემონიით ვეცადეთ, გამოგვეხატა ტოლერანტობა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მიზანი მიღწეულია. ადამიანებმა ეს შეურაცხმყოფლად თუ მიიღეს, ჩვენ ნამდვილად ვწუხვართ“, – განაცხადა პარიზის ოლიმპიადის პრესსპიკერმა, ენ დეკამპმა.
ამასთან, გახსნის ცერემონიის სამხატვრო ხელმძღვანელის, თომას ჯოლის განცხადებით, ეს კონკრეტული მონაკვეთი არ იყო შთაგონებული ბიბლიური ბოლო ვახშმით და ასახავდა წარმართულ დღესასწაულს, რომელიც დაკავშირებულია ოლიმპოს ღმერთებთან, ხოლო რელიგიის შეურაცხყოფა არასდროს ყოფილა მისი განზრახვა.
„ჩვენ გვსურდა მრავალფეროვნებაზე საუბარი. მრავალფეროვნება ნიშნავს ერთად ყოფნას“, – აღნიშნა ჯოლიმ.
„როიტერის“ ცნობით, ჰუგო ბარდინი, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ მონაკვეთში და დრაგ ქუინია, იმედგაცრუებულია პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორების განცხადებით.
„ბოდიში ნიშნავს შეცდომის აღიარებას, იმის აღიარებას რომ შენ განზრახ გააკეთე რაღაც ზიანის მომტანი, რაც ასე არ იყო. ხალხს აწუხებს არა ის, რომ ჩვენ განვასახიერეთ ნახატი, არამედ ის, რომ ქვიარ ადამიანებმა განასახიარეს ეს“, – თქვა ბარდინმა.
მალტას არქიეპისკოპოსმა, ჩარლზ შიკლუნამ განაცხადა, რომ დაუკავშირდა მალტაში საფრანგეთის ელჩს და უკმაყოფილება გამოხატა.
„მინდა, გამოვხატო ჩემი მწუხარება და იმედგაცრუება გახსნის ცერემონიაზე ჩვენი, ქრისტიანების შეურაცხყოფის გამო, როდესაც დრაგ არტისტებმა იესოს ბოლო ვახშმის პაროდია მოახდინეს“, – ნათქვამია ეპისკოპოსის განცხადებაში.
„როიტერის“ აღნიშნავს, რომ ზოგიერთი კომენტატორი ამბობს, რომ ეს დაპირისპირება არის 21-ე საუკუნის კულტურული დაპირისპირების კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერა 24-საათიანმა ახალი ამბების ციკლმა და სოციალურმა მედიამ.