ოლიმპიადაზე, ტატამზე გასვლისას პირჯვრის გადაწერისთვის ნემანია მაიდოვი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ხუთი თვით ტურნირებს ჩამოაშორა
ოლიმპიადის დროს, მერვედფინალურ შეხვედრაში ტატამზე გასვლისას პირჯვრის გადაწერისთვის ნემანია მაიდოვი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ხუთი თვით ტურნირებს ჩამოაშორა.
მაიდოვს ორი გაფრთხილება ჰქონდა ამავე მიზეზით 2018 წლის 10 აპრილსა და 2022 წლის 24 თებერვალს.
გამოცემა „ჯუდოინსაიდი“ წერს, რომ ეს რელიგიური ჟესტი აკრძალულია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლით. ამასთან, მედიის ცნობით, მსგავსი ჟესტებით ცნობილი არიან სხვა ძიუდოისტებიც, ერთ-ერთი არის ქართველი ლაშა ბექაური და გასარკვევია, ისინიც ასევე გაფრთხილებული იქნებიან თუ მათაც შეუჩერებენ ტურნირებში მონაწილეობის უფლებას.
გამოცემის თანახმად, ტარა ბაბულფათის (სამი თვე) და გურამ თუშიშვილის (ექვსი თვის) შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სასჯელი ნემანია მაიდოვს შეეხო. 28 წლის სერბ ძიუდოისტს, რომელმაც 2023 წლის ევროპის ჩემპიონატი მოიგო, 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორეადგილოსანი გახდა -90 კგ კატეგორიაში, 2017 წელს კი – მსოფლიო ჩემპიონი, ხუთი თვის განმავლობაში ეკრძალება ყველა ტურნირზე, შეკრებასა და სამზადისში მონაწილეობა.
„ინსტაგრამზე“ თავის გზავნილში მაიდოვი განმარტავს, რომ თავის წერილში მან არჩია, ბოდიში არ მოეხადა პირჯვრის გადაწერის გამო და მტკიცედ დგას თავის გადაწყვეტილებაზე. მისთვის რწმენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ამაყად აცხადებს, რომ ღმერთმა ყველაფერი მისცა პირად ცხოვრებაშიც, კარიერაშიც და ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლება.
მაიდოვი ფიქრობს, რომ ეს არის, უბრალოდ, ახალი თავი და გამოწვევა მის კარიერაში. მიუხედავად იმისა, რომ წუხს, ისეთი ლამაზი და რთული სპორტი, როგორიც ძიუდოა, ასეთ ვითარებამდე მივიდა, ის მტკიცე რჩება თავის რწმენაში. მაიდოვი აღიარებს ბევრ მიღწევას თავის კარიერაში, მათ შორის შვიდ ევროპულ და სამ მსოფლიო მედალს, გამოხატავს ღრმა მადლიერებას საკუთარი ოცნებების ასრულებისთვის, საკუთარ წარმატებას კი მიაწერს თავისი ოჯახის მიერ გაღებულ მსხვერპლს და ღვთის წყალობას.
ტურნირებიდან ჩამოშორების მიუხედავად, მაიდოვი იმედითა და მონდომებით იყურება წინ და აცხადებს, რომ დაისვენებს დისკვალიფიკაციის დასრულებამდე, შემდეგ კი განახლებული ენერგიითა და ღმერთისადმი რწმენით დაბრუნდება ახალი გამარჯვებების მოსაპოვებლად. მაიდოვმა თაყვანისმცემლების მიმართ სიყვარული გამოხატა და საკუთარ თავს ევროპისა და მსოფლიოს მათი ჩემპიონი უწოდა.