ოლიკო შერმადინი - მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების კენჭისყრა წინასწარ შეთანხმებული გადაწყვეტილებებით მიმდინარეობს
ოლიკო შერმადინი - მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების კენჭისყრა წინასწარ შეთანხმებული გადაწყვეტილებებით მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების კენჭისყრა წინასწარ შეთანხმებული გადაწყვეტილებებით მიმდინარეობს, – ამის შესახებ განცხადება „საერთაშორისო განჭირვალობა-საქართველოს“ იურისტმა, ოლიკო შერმადინმა მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსის შეფასებისას გააკეთა.

მისი თქმით, მოსამართლის თანამდებობაზე პირველ რიგში ის პირები დაინიშნენ, რომლებიც საბჭოს მოსამართლე წევრებთან არიან დაახლოებულნი. მისივე თქმით, საეჭვოა საბჭოს წევრების გადაწყვეტილება ბიულეტენების გაბათლების შესახებ, როდესაც სასამართლო სისტემაში კადრების სიმცირეა.

„ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ როგორც უკვე ჩვენ შევეჩვიეთ გასული წლების განმავლობაში, ისევ იმგვარად დახურულ რეჟიმში, წინასწარ შეთანხმებული გადაწყვეტილებებით მიმდიანარეობს კენჭისყრა. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, გამწესდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც ჩვენ ვიცით, რომ არიან დაახლოებული მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან. მათ შორის უვადოდ გამწესდნენ უკვე საბჭოს ორი მოსამართლე წევრი. ისევე, როგორც საბჭოს მოსამართლე წევრებთან დაახლოვებული პირები, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ოჯახის წევრი. ასევე გამოიკვეთა, რომ გარკვეულ ვაკანსიებზე საბჭოს წევრებმა, ბიულეტენები გააბათილეს და ამ პოზიციებზე კვლავ ვაკანტური დარჩა პოზიციები, რაც მიშნავს, რომ როდესაც საბჭო საუბრობს მოსამართლეთა გადატვირთულობის პრობლემაზე და რომ სასამართლო სისტემას აკლია მოსამართლეები, ასევე როდესაც ვაკანტური რჩება ამდენი პოზიცია, რა თქმა უნდა, რჩება ეჭვი, რატომ არ ინიშნებიან ამ პოზიციებზე ის კანდიდატები, რომელთაც ჰქონდათ შეტანილი განაცხადი“, – განმარტა ოლიკო შერმადინმა.

ლიკო შერმადინს საეჭვოდ მიაჩნია, რომ მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების უმრავლესობამ გასაუბრების პროცესზე არასამთავრობო სექტორის დასწრებაზე უარი თქვა.

„განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს, რომ ამ კონკურსზე უპრეცედენტოდ ბევრმა კანდიდატმა მოითხოვა გასაუბრების დახურვა. კონკურსის განმავლობაში 28 კანდიდატი იყო ასეთი და ამ ეტაპზე 28 კანდიდატიდან უკვე 12 გამწესებულია უვადო მოსამართლედ. 12 მოსამართლეს შორის, რომელთაც დახურული გასაუბრება გაიარეს, არიან საბჭოს ორი მოსამართლე წევრი ისევე, როგორც საბჭოს მდივნის ოჯახის წევრი. შესაბამისად, მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანიზაციებს არ გვაქვს ამ კანდიდატების არც დოკუმენტები, არც გასაუბრების მიმდინარეობა“, – განაცხადა ოლიკო შერმადინმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ 52 კანდიდატიდან 21-ს კენჭი უყარა.