ოლგა სტეფანიშინა - უკრაინის მიერ შეთავაზებული საგზაო რუკა საშუალებას მოგვცემს, დავუბრუნდეთ თავისუფალი ვაჭრობის პირობებს ქვეყნებთან, რომლებმაც შემოიღეს შეზღუდვები ექსპორტზე
უკრაინის მიერ შეთავაზებული საგზაო რუკის განხორციელება საშუალებას მოგვცემს, დავუბრუნდეთ თავისუფალი ვაჭრობის პირობებს ქვეყნებთან, რომლებმაც შემოიღეს შეზღუდვები უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა.
„ევროკომისიამ შეასრულა თავისი დანაპირები, არ გაეხანგრძლივებინა უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა ხუთ მეზობელ ქვეყანაში. ეს გადაწყვეტილება მოტივირებულია იმით, რომ სტატისტიკური მონაცემები არ ადასტურებენ შიდა ბაზრისთვის რისკების არსებობას. თუმცა ვითარება დაძაბული რჩება, რის გამოც უკრაინამ შესთავაზა საგზაო რუკა ამ ხუთ ქვეყანაში ექსპორტის მონიტორინგისა და ვერიფიკაციისთვის“, – განაცხადა სტეფანიშინამ.
მისი თქმით, აღნიშნული რუკის ფარგლებში, რასაც ასევე მხარი დაუჭირა ევროკომისიამ, უკრაინა იმუშავებს რუმინეთთან და ბულგარეთთან, სავარაუდოდ, დიალოგი მალე დაიწყება სლოვაკეთთანაც. როგორც აღინიშნა, მას შემდეგ, რაც პოლონეთი და უნგრეთი გააუქმებენ ცალმხრივ შეზღუდვებს, ეს მექანიზმი მათთანაც ამოქმედდება.