ოლგა სტეფანიშინა - ბუდაპეშტი ყველაზე ხმამაღლა ყვირის უკრაინაში უნგრული უმცირესობის შესახებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინაში უნგრულ უმცირესობას განსაკუთრებული პრობლემატიკა აქვს
უკრაინა ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ქვეყნებთან, რომელთა უმცირესობებიც მის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, რათა შეასრულოს ევროკომისიის კრიტერიუმები წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, თუმცა არცერთი უმცირესობისთვის არ დაუშვებს „განსაკუთრებულ გამონაკლისებს“, – ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა.
როგორც სტეფანიშინამ აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ბუდაპეშტი „ყველაზე ხმამაღლა ყვირის“ უკრაინაში უნგრული უმცირესობის შესახებ, „საერთოდ არ ნიშნავს, რომ უკრაინაში უნგრულ უმცირესობას რამე განსაკუთრებული პრობლემატიკა აქვს“.
„ჩვენ ასეთივე დიალოგი გვაქვს, მაგალითად, რუმინულ მხარესთან. რუმინული უმცირესობა უკრაინაში ერთ-ერთი უმსხვილესი უმრავლესობაა. ასევე, მოლდოვამ აღიარა რუმინული ეროვნულ ენად, ახლა რუმინულენოვანი მოსახლეობა უკრაინაში კიდევ გაიზრდება, თუმცა ჩვენ დიალოგში ვართ და ასეთი ყვირილი არ არის“, – აღნიშნა სტეფანიშინამ.
ვიცე-პრემიერის თქმით, უკრაინა შეცვლის ეროვნული უმცირესობების შესახებ კანონმდებლობას, უპირველეს ყოვლისა, საგანმანათლებლო პროცესის საკითხის გათვალისწინებით.
მანამდე უნგრეთი აცხადებდა, რომ დაბლოკავს უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას, თუ არ შესრულდება უნგრეთის მოთხოვნები უნგრული უმცირესობის უნგრულ ენაზე განათლების შესახებ. ევროკომისიის რეკომენდაციებს შორის არის ეროვნული უმცირესობების შესახებ კანონმდებლობის რეფორმა.