ოლგა სტეფანიშინა - ჩვენ წინ არის ევროკავშირში გაწევრიანების ძალიან დინამიკური პროცესი, მთავარი გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც შესაძლებელი იყო წელს, დღეს უკვე მიღებულია
ოლგა სტეფანიშინა - ჩვენ წინ არის ევროკავშირში გაწევრიანების ძალიან დინამიკური პროცესი, მთავარი გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც შესაძლებელი იყო წელს, დღეს უკვე მიღებულია

ჩვენ წინ არის ევროკავშირში გაწევრიანების ძალიან დინამიკური და ძალიან მასობრივი პროცესი, – ამის შესახებ უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ ლუქსემბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მას შემდეგ, რაც უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო.

სტეფანიშინას განცხადებით, უკრაინამ უნდა განაგრძოს დემოკრატიული გარდაქმნები, რეფორმების განხორციელების პროცესი.

„ბევრი სამუშაო გველოდება წინ, მაგრამ მთავარი გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც შესაძლებელი იყო წელს, დღეს უკვე მიღებულია“, – დასძინა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

ამასთან, პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აჯა ლაბიბმაც და აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება რეფორმების გაგრძელება კანონის უზენაესობისა და ადამიანის ძირითადი უფლებების სფეროში.

„დღეს დაწყებული გაწევრიანების პროცესი იქნება მომთხოვნი და ითვალისწინებს უწყვეტ ერთგულებას რეფორმების მიმართ ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიცაა კანონის უზენაესობა, სასამართლო რეფორმა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, განაგრძონ ევროკავშირის რეფორმებისადმი ძლიერი პოლიტიკური ვალდებულების დემონსტრირება, რაც მათ დღემდე აჩვენეს“, – დასძინა ლაბიბიმ.

ევროკავშირში უკრაინისა და მოლდოვის წევრობის შესახებ მოლაპარაკებები დღეს ოფიციალურად დაიწყო. საკითხზე დღეს პირველი მთავრობათაშორისი კონფერენცია ლუქსემბურგში გაიმართა.