ოლეგ ნიკოლენკო - ვაფასებთ ყურადღებას, რომელსაც ინდონეზია იჩენს უკრაინაში მშვიდობის აღდგენისთვის, მაგრამ, ამასთან, უკრაინა-რუსეთს შორის არ არსებობს რეფერენდუმის ჩასატარებლად სადავო ტერიტორიები
ოლეგ ნიკოლენკო - ვაფასებთ ყურადღებას, რომელსაც ინდონეზია იჩენს უკრაინაში მშვიდობის აღდგენისთვის, მაგრამ, ამასთან, უკრაინა-რუსეთს შორის არ არსებობს რეფერენდუმის ჩასატარებლად სადავო ტერიტორიები

ვაფასებთ ყურადღებას, რომელსაც ინდონეზია იჩენს უკრაინაში მშვიდობის აღდგენისთვის, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო წერს.

„ინდონეზია მნიშვნელოვანი ქვეყანაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში. ჩვენ ვაფასებთ ყურადღებას, რომელსაც ინდონეზია იჩენს უკრაინაში მშვიდობის აღდგენის კუთხით, მაგრამ, ამასთან ერთად, უკრაინასა და რუსეთს შორის არ არსებობს რეფერენდუმის ჩასატარებლად სადავო ტერიტორიები. აგრესიის შედეგად რუსეთმა დაიკავა ყირიმი, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ნაწილები. ფაქტი გაერო-ს ოფიციალურ დოკუმენტებშია დაფიქსირებული“, – აცხადებს ნიკოლენკო.

ნიკოლენკოს თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული არმია აწყობს გენოციდს და რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან, რათა უკრაინამ აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„რუსეთი ახლა ყველანაირად ცდილობს, ჩაშალოს უკრაინის კონტრშეტევა. ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის გარეშე რუსეთს საშუალებას მისცემს, იყიდოს დრო, გადაჯგუფდეს, დაიმკვიდროს ფეხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დააგროვოს ძალა აგრესიის ახალი ტალღისთვის“, – აღნიშნა ნიკოლენკომ.

ნიკოლენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გრძელვადიანი მშვიდობა უკრაინაში ნიშნავს უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლებას რუსული ოკუპაციისგან და სწორედ ამას ისახავს მიზნად უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მოუწოდა ინდონეზიას, შეუერთდეს ზელენსკის მიერ შემოთავაზებული მშვიდობის ფორმულის აქტიურ განხორციელებას.

ინდონეზიამ უკრაინასთან დაკავშირებით თავისი სამშვიდობო გეგმა წარადგინა. როგორც ინდონეზიის თავდაცვის მინისტრმა, პრაბოვო სუბიანტომ განაცხადა, სამშვიდობო გეგმის მთავარი პუნქტებია: ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, სამშვიდობო ძალების კონტროლქვეშ დემილიტარიზებული ზონის შექმნა და გაერო-ს ეგიდით ახალი რეფერენდუმების გამართვა „სადავო ტერიტორიებზე“.