ოლეგ ნიკოლენკო - კრემლს უნდა უხაროდეს, რომ უნგრეთის მთავრობის მეთაურმა რუსეთს მოხსნა პასუხისმგებლობა უკრაინის მიმართ აგრესიაზე
უკრაინა ბოლომდე იბრძოლებს თავისი ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას.
„უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე კომენტარის დროს განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვისთან შეიჭრა, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა ომს ვერ მოიგებს. კრემლს უნდა უხაროდეს, უნგრეთის მთავრობის მეთაურმა პასუხისმგებლობა მოხსნა რუსეთს უკრაინის მიმართ აგრესიაზე“, – წერს ნიკოლენკო.
ნიკოლენკო აღნიშნავს, რომ იგივე ევროპელი პოლიტიკოსები ერთი წლის წინ ამტკიცებდნენ, რომ უკრაინას არ აქვს შესაძლებლობა, 72 საათზე მეტი დროის განმავლობაში გაუძლოს რუსეთის აგრესიას.
„მაშინ ცდებოდნენ და ახლაც ცდებიან. მტრის წინაშე კაპიტულაციის მომხრეებისგან განსხვავებით, უკრაინელები გააგრძელებენ ბრძოლას რუსული ოკუპაციისგან ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე. ეს ერთადერთი გზაა მშვიდობის აღდგენისთვის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს ნიკოლენკო.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ძალისხმევის გაერთიანება, რათა უკრაინას ჰქონდეს ყველაფერი, რაც საჭიროა რუსეთის დამარცხებისთვის.