ოლეგ ნიკოლენკო - მსოფლიოს მოვუწოდებთ, მკაცრად დაგმოს რუსეთის პრეზიდენტის ანტისემიტური განცხადებები, თანამედროვე მსოფლიოში ეთნიკური ნიშნით ზიზღის ადგილი არ უნდა იყოს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვოლოდიმირ ზელენსკის წარმომავლობასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მკაცრად დაგმოს პუტინის ანტისემიტური განცხადებები.
„პუტინის ქრონიკული ფიქსაცია რუსულ ელიტებში ღრმად გამჯდარი ანტისემიტიზმის მორიგი გამოვლინებაა. მოვუწოდებთ მსოფლიოს, მკაცრად დაგმოს რუსეთის პრეზიდენტის ანტისემიტური განცხადებები. თანამედროვე მსოფლიოში ეთნიკური ნიშნით ზიზღის ადგილი არ უნდა იყოს“, – წერს ნიკოლენკო.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „დასავლელმა კურატორებმა უკრაინის სათავეში ეთნიკური ებრაელი დააყენეს, რათა დაფარონ თანამედროვე უკრაინის ანტიადამიანური არსი“. მისივე თქმით, ეს ყველაზე კარგად ესმით ისრაელის მოქალაქეებს.