ოლეგ ჟდანოვი - რამდენ ხანს გაგრძელდება უკრაინა-რუსეთის ომი, ამ შეკითხვის ადრესატი თეთრი სახლია
რამდენ ხანს გაგრძელდება უკრაინა-რუსეთის ომი, ამ შეკითხვის ადრესატი თეთრი სახლია. ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ თეთრ სახლში იციან, – ამის შესახებ უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა, ოლეგ ჟდანოვმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, „თუ ხვალ უკრაინას ყველა იმ ტექნიკას მიაწვდიან, რაც საჭიროა ოკუპანტების დასამარცხებლად, უკრაინას შეუძლია რამდენიმე თვეში რუსეთის დამარცხება“.
„ეს ეხება ტერიტორიების გათავისუფლებასაც და უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის განადგურებას. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, აშშ-ს თავისი ხედვა აქვს ამ სამხედრო კამპანიის დასრულებასთან დაკავშირებით. ამიტომაცაა, რომ ომის დასრულებასთან დაკავშირებით ყველა პროგნოზი უსარგებლოა. უკრაინას იმედი ჰქონდა, რომ სწრაფად დაძლევდა რუსულ წინააღმდეგობას, მაგრამ ასე არ მოხდა. უკრაინამ ვერ შეძლო ნატო-ს ტაქტიკის გამოყენება, რადგან ნატო-ს ტაქტიკა შეტევის დაწყებამდე მტრის დისტანციურ დამარცხებას ითვალისწინებს. ამის გაკეთება ავიაციას და რაკეტებს შეუძლიათ. უკრაინას არც ერთი აქვს და არც მეორე. ახლა უკრაინას რაკეტები მისცეს, მაგრამ აშკარად არასაკმარისი. ამიტომ, სამწუხაროდ, რამდენ ხანს გაგრძელდება უკრაინა-რუსეთის ომი, ამის თქმა ძნელიცაა და შეუძლებელიც. თუ ამერიკა და ევროპა გააცნობიერებენ, რომ საჭიროა უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდება მასშტაბურად და სწრაფად, მაშინ შეიძლება იმაზე საუბარი, რომ, შესაძლოა, უკრაინა-რუსეთის ომი 2024 წელს დასრულდეს. თუ ასე არ მოხდა, მაშინ საკითხი ღია დარჩება“, – განაცხადა ოლეგ ჟდანოვმა.