ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის 1.4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის 1.4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ შოლცმა გერმანიაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ოლაფ შოლცმა ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ ეს არის სიგნალი რუსეთისთვის , რომ დასავლეთი არ შეწყვეტს კიევის მხარდაჭერას.
„ეს არის ნათელი გზავნილი პუტინისთვის – დროის გაყვანა არ იმუშავებს. ჩვენ არ შევწყვეტთ უკრაინის მხარდაჭერას,“ – განაცხადა შოლცმა.
დახმარება პარტნიორ ქვეყნებთან – ბელგიასთან, დანიასა და ნორვეგიასთან ერთად გაიცემა და მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ტანკებს, უპილოტო საფრენო აპარატებსა და არტილერიას.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერთან შეხვედრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ჩვენთვის გადამწყვეტია, რომ დახმარება მომავალ წელს არ შემცირდეს,“- აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ზელენსკიმ მიმდინარე კვირას ევროპაში მოკავშირეებთან რამდენიმე შეხვედრა გამართა, რათა უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ წარედგინა.