ოლაფ შოლცმა მხარეებს მოუწოდა მშვიდი დებატებისკენ, თუ როდის უნდა გაიმართოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრა და დაიწყოს დროის ათვლა ვადამდელ არჩევნებამდე
ოლაფ შოლცმა მხარეებს მოუწოდა მშვიდი დებატებისკენ, თუ როდის უნდა გაიმართოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრა და დაიწყოს დროის ათვლა ვადამდელ არჩევნებამდე

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მხარეებს მოუწოდა მშვიდი დებატების გამართვისკენ იმის თაობაზე, თუ როდის უნდა გამოცხადდეს მთავრობის ნდობის შესახებ კენჭისყრა პარლამენტში და დაიწყოს დროის ათვლა ვადამდელ არჩევნებამდე.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, არჩევნების თარიღი ისე უნდა შეირჩეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას საკმარისი დრო ჰქონდეს მოსამზადებლად, კანდიდატებს კი – კამპანიის ჩასატარებლად და ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების საკითხი.

კითხვაზე, როგორი რეაქცია ჰქონდათ ევროკავშირის ლიდერებს ბუდაპეშტში გერმანიის სამთავრობო კოალიციის დაშლაზე, შოლცმა უპასუხა, რომ ძალიან ბევრი მათგანი გამოცდილია კოალიციური მთავრობის საკითხებში და იციან, რომ ეს არ არის ადვილი საქმე არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.

სოციოლოგიური კვლევების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას სურს, რომ თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი იყოს სოციალ-დემოკრატების კანცლერობის კანდიდატი ვადამდელ არჩევნებზე. გამოკითხულთა 57 პროცენტი მხარს უჭერს ბორის პისტორიუსის კანდიდატურას, 13 პროცენტი კი – ოლაფ შოლცს.