ოლაფ შოლცმა და ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას გერმანიის ფედერალური მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გერმანიის, საფრანგეთის და რუსეთის ლიდერებს შორის საუბარი 75 წუთს გაგრძელდა. ადმინისტრაციის განცხადების მიხედვით, ლიდერებს შორის მოლაპარაკებები წარმოადგენდა უკრაინაში ომის შეწყვეტის საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილს. აქვე აღნიშნულია, რომ ოლაფ შოლცმა და ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარებისკენ მოუწოდეს.
ამასთან, როგორც გერმანიის ფედერალური მთავრობის ადმინისტრაცია წერს, მხარეები შეთანხმდნენ, არ გააჟღერონ საუბრის შემდგომი შინაარსი.
გერმანიის კანცლერმა საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტებთან საუბრამდე, სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენთანაც. ფედერალური მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოლაფ შოლცმა ვოლოდიმირ ზელენსკისგან მოისმინა შეფასებები არსებული სიტუაციის შესახებ და კონტაქტის შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ.
სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს კრემლიც. კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონს და ოლაფ შოლცს დონბასის რეგიონში რუსეთის ქმედებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ვლადიმერ პუტინმა დეტალურად ისაუბრა რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის ბოლო დღეებში ვიდეოფორმატში გამართული მოლაპარაკებების სერიაზე. კრემლის ცნობითვე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით კონტაქტს გააგრძელებენ.