ოლაფ შოლცი - ყარაბაღის მცხოვრებლების უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს, მათ ახლა ჰუმანიტარული დახმარება სჭირდებათ, რაც აზერბაიჯანის პასუხისმგებლობაა
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ყარაბაღის მცხოვრებლების უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს. ამის შესახებ შოლცმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა. ინფორმაციას გერმანული „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მისივე თქმით, ყარაბაღში მცხოვრებლებს ახლა ესაჭიროებათ ჰუმანიტარული დახმარება, რაც აზერბაიჯანის პასუხისმგებლობაა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყარაბაღში დახმარება ე.წ. ლაჩინის დერეფნით უნდა ჩავიდეს, რომელიც სომხეთის ყარაბაღთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა.
შოლცის თქმით, გერმანიის მთავრობა ძალის გამოყენების წინააღმდეგია და კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთ გზად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებს მიიჩნევს.