ოლაფ შოლცი - ვლადიმერ პუტინთან საუბრის სრულად შეწყვეტა სერიოზული შეცდომა იქნებოდა
ოლაფ შოლცი - ვლადიმერ პუტინთან საუბრის სრულად შეწყვეტა სერიოზული შეცდომა იქნებოდა

რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბრის სრულად შეწყვეტა სერიოზული შეცდომა იქნებოდა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთი გააგრძელებს უკრაინისთვის იმ შეიარაღების გადაცემას, რომელიც მას სჭირდება რუსეთის თავდასხმების ეფექტურად მოსაგერიებლად. დახმარება იქამდე გაგრძელდება, ვიდრე პუტინი ომს არ შეწყვეტს და უკრაინიდან ჯარებს არ გაიყვანს.

ოლაფ შოლცის განცხადებით, ეს ომი დიდი რუსული ექსპანსიონიზმის გამარჯვებით არ დასრულდება და პუტინის დიდი რუსული მისია ჩაიშლება.

„არაერთხელ ველაპარაკე პუტინს. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ დიდი შეცდომაა, თუ ყველა, მათ შორის უდიდესი განსხვავების მიუხედავად, საერთოდ აღარ დაველაპარაკებით ერთმანეთს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა და მე, როგორც „დიდი შვიდიანის“ ქვეყნების წარმომადგენლებმა, როგორც ნატო-ს ორმა ქვეყანამ, კვლავ განვაგრძოთ დიალოგის გზების ძიება. თუმცა, ამას ყოველგვარი ილუზიების გარეშე ვაკეთებთ, რადგან ეს ყოველთვის გრძელი საუბრებია. მაგრამ საკითხი ყოველთვის ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს განხილული, თუ რა საშინელ ნგრევას იწვევს რუსული რაკეტები ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და მთლიანად უკრაინისთვის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მშვიდობის საფუძველი არის რუსული ჯარების გაყვანა“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.