ოლაფ შოლცი - უკრაინის ადგილი თავისუფალ და ერთიან ევროპაშია, პუტინის რევანშიზმი ვერ გაიმარჯვებს
ოლაფ შოლცი - უკრაინის ადგილი თავისუფალ და ერთიან ევროპაშია, პუტინის რევანშიზმი ვერ გაიმარჯვებს

უკრაინის ადგილი თავისუფალ და ერთიან ევროპაშია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა თავისუფლების დასაცავად დიდ საფასურს იხდის, ევროპის ქვეყნები კი მის მხარდაჭრას გააგრძელებენ.

„პუტინის რევანშიზმი ვერ გაიმარჯვებს. ყველაფერი პირიქით მოხდება. უკრაინა იმაზე ერთიანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ევროკავშირი ერთიანია და ის მხარს უჭერს უკრაინის მომავალ წევრობას ევროკავშირში. ნატო ფართოვდება, ალიანსს ახალი წევრები ემატება. ამავე დროს ათასობით ახალგაზრდა რუსმა საკუთარი სიცოცხლის ფასი გადაიხადა პუტინის ომისთვის და უამრავმა სხვამ ზურგი აქცია საკუთარ ქვეყანას. უკრაინელები თავისუფლების დასაცავად დიდ საფასურს იხდიან და აჩვენებენ შთამბეჭდავ სიმტკიცეს. ჩვენ კი მათ მხარს ვუჭერთ და ასე იქნება, ვიდრე ეს საჭიროა“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ოლაფ შოლცის განცხადებით, მხოლოდ გერმანიამ გასულ წელს უკრაინის მხარდასაჭერად 12 მილიარდ ევროზე მეტი გამოყო და ერთ მილიონ უკრაინელ ლტოლვილზე მეტი შეიფარა.

კანცლერის თქმით, გერმანია ევროპის კონტინენტურ ნაწილზე მდებარე ქვეყნებს შორის ყველაზე მეტ სამხედრო დახმარებას უწევს უკრაინას, რაც გერმანიაში ბევრს აშფოთებს.

„მინდა, ვუთხრა მათ, რომ ომს არ აჭიანურებს ჩვენ მიერ უკრაინისთვის იარაღის გადაცემა, პირიქით. რაც უფრო მალე გააცნობიერებს პუტინი, რომ მას არ შეუძლია იმპერიალისტური ამოცანების მიღწევა, მით მეტი შანსია, რომ ომი მალე დასრულდება რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანის გზით. ეს არის უკრაინის მიზანიც“, – განაცხადა შოლცმა.

როგორც ოლაფ შოლცმა აღნიშნა, ევროპა და ტრანსატლანტიკური საზოგადოება ამ მიზნის გარშემო არის გაერთიანებული. მისივე თქმით, ეს ასევე მოიცავს რუსეთის მიერ უკრაინაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებას და დამნაშავეების გასამართლებას.

„გრძელვადიანი მშვიდობა სამართლიანობის გარეშე არ დადგება“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა. მისივე თქმით, ამასთან ერთად, აუცილებელია უზრუნველყოფა, რომ რუსეთსა და ნატო-ს შორის ომი არ დაიწყება.

„ჩვენ გავაგრძელებთ ბალანსირებას უკრაინისათვის შესაძლებლობის ფარგლებში საუკეთესო მხარდაჭერასა და წინასწარი განზრახვის გარეშე ესკალაციის თავის არიდებას შორის. კმაყოფილი და მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ბაიდენი და ნატო-ს ბევრი სხვა წევრი იზიარებს ამ შეხედულებას“,  – განაცხადა შოლცმა.

ამასთან, შოლცმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების საკითხზე ნატო-ს წევრებს შორის კოორდინაციის აუცილებლობას.