ოლაფ შოლცი - უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა ჩვენი დროის უდიდესი კატასტროფაა, პუტინმა არ უნდა მოიგოს დანაშაულებრივი ომი და ვერ მოიგებს
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა ჩვენი დროის უდიდესი კატასტროფაა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჰამბურგში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია ჩვენი დროის უდიდესი კატასტროფაა. ამ გამანადგურებელი ომის, აგრესიის შემდეგ მსოფლიო არ იქნება ისეთი, როგორც ადრე იყო. ეს უკვე აღარ არის“, – განაცხადა შოლცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, რუსეთის სასტიკი, აგრესიული და გამანადგურებელი ომი „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ევროპის სამშვიდობო წესრიგის რადიკალურ გაყოფას მოასწავებს.
მისი განცხადებით, ბევრი ჭკვიანი ადამიანი შეუძლებლად მიიჩნევდა მსგავს ესკალაციას ახლო საერთაშორისო კავშირების გამო.
„რაციონალური თვალსაზრისით, ეროვნული ეკონომიკების მჭიდრო ურთიერთდამოკიდებულებამ დიდი ხანია, შეიარაღებული კონფლიქტი ისეთი ძვირი გახადა, რომ არც ერთმა მხარემ არ უნდა იფიქროს ამ მეთოდის გამოყენებაზე. ხარჯისა და სარგებლის ნებისმიერი რაციონალური ლოგიკა ირღვევა, როდესაც ირაციონალური აქტორები იდეოლოგიური სიბრმავის გამო, თანამშრომლობის იდეას უგულებელყოფენ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ამასთან, როგორც მედია წერს, გერმანიის ლიდერმა გააკრიტიკა პუტინის რეჟიმის იმპერიალისტური და რევანშისტული იდეოლოგია, რაც შოლცის თქმით, რუსი დიქტატორისთვის თავისი ხალხის კეთილდღეობაზე უფრო მნიშვნელოვანია.
„ჩვენ უკრაინას ვუწევთ ყველანაირ მხარდაჭერას, რისი მიცემაც შეგვიძლია. ამავდროულად ვიღებთ პასუხისმგებლობას… პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს დანაშაულებრივი, აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. ის ვერ მოიგებს ომს. თუ პუტინს ეს გაუვა, არსებობს საერთაშორისო თვითნებობის რისკი. მხოლოდ ამ მიზეზითაც რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს “, – აღნიშნა შოლცმა.