ოლაფ შოლცი „ტიკ-ტოკზე“ დარეგისტრირდა და პირობა დადო, რომ არ იცეკვებს
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკზე“ დარეგისტრირდა. ოლაფ შოლცი პირველ ვიდეოში პირობას დებს, რომ არ იცეკვებს. როგორც გერმანიის მთავრობაში განმარტეს, ახალი არხი ხელისუფლებას დაეხმარება იმ მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში, რომლებიც პოლიტიკურ თემებს ტიკ-ტოკზე განიხილავენ.
ამ გვერდზე მომხმარებლებს შეეძლებათ, გაეცნონ „გერმანიის მთავრობის ყოველდღიურ სამუშაოს კულისებს მიღმა“. როგორც „გარდიანი“ წერს, შოლცი ერთ-ერთი უკანასკნელია იმ ლიდერებს შორის, რომლებიც ჩინურ სოციალურ ქსელში დარეგისტრირდნენ. ეს მოხდა იმ ფონზე, როდესაც აღნიშნული პლატფორმის უსაფრთხოების შესახებ არაერთი კითხვა ჩნდება.
თებერვალში „ტიკ-ტოკზე“ ანგარიში გახსნა ჯო ბაიდენმა. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება ახალგაზრდა ამომრჩევლების მისაზიდად მიიღეს.