ოლაფ შოლცი - საქართველომ ახლახან მიიღო ანტი-ლგბტქი კანონი, რომელიც არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს, დისკრიმინაციულია და აშორებს საქართველოს ევროპისგან
საქართველომ ახლახან მიიღო ანტი-LGBTQI კანონი, რომელიც დისკრიმინაციულია და არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს, ის საქართველოს ევროპისგან აშორებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში სოციალ-დემოკრატიული საპარლამენტო ჯგუფის ქვიარ ადამიანების უფლებების მეორე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც 27 სექტემბერს გაიმართა.
ოლაფ შოლცის სიტყვით გამოსვლის ტექსტს კანცლერის პრესსამსახური ავრცელებს.
გერმანიის კანცლერის თქმით, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი თანასწორობის, პატივისცემისა და აღიარებისთვის როგორც გერმანიაში, ისე მთელ მსოფლიოში. მისი თქმით, მდგომარეობა ქვიარ უფლებებთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში უარესდება.
„ყველას აქ, გერმანიაში უნდა შეეძლოს ცხოვრება თავისუფლად, შიშის გარეშე და უსაფრთხოდ. სიძულვილისგან, ძალადობისგან, დისკრიმინაციისგან და შეურაცხყოფებისგან დაცულად“, – აღნიშნა შოლცმა.
მისი თქმით, უფლებების დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომელიც მან უნდა შეასრულოს. სწორედ ამიტომ, გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ სისხლის სამართლის რეფორმა ჩაატარა და გაამკაცრა გენდერული და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დანაშაულისთვის სასჯელი.
ოლაფ შოლცის თქმით, საზღვარგარეთ ვიზიტების დროს, კრიტიკულ ქვეყნებში დისკუსიების დროს ის განიხილავს ადამიანის უფლებების სიტუაციას, რაც არის აუცილებელი. მისი თქმით, საზღვარგარეთ ვიზიტების დროს ის რეგულარულად ხვდება არასამთავრობო ორგანიზაციებსა და უფლებადამცველ ჯგუფებს.
„საქართველოში, მაგალითად, ახლახან მიიღეს ანტი-LGBTQI კანონი, რომელიც დისკრიმინაციულია და არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს. ძალიან მკაფიოდ ვიტყვი: ის ასევე აშორებს საქართველოს ევროპისგან“, – განაცხადა შოლცმა.