ოლაფ შოლცი - რუსეთს ჯერ კიდევ აქვს სამხედრო გამარჯვების იმედი, მაგრამ ეს არ მოხდება
გერმანიის კანცლერის თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს სამხედრო გამარჯვების იმედი, მაგრამ ეს არ მოხდება. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა გერმანიის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„რუსეთს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ სამხედრო გამარჯვებას მიაღწევს, მაგრამ ეს არ მოხდება. მათ შორის იმის გამოც, რომ ჩვენ პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. რაც უფრო მალე გააცნობიერებს პუტინი, რომ მისი იმპერიალისტური მიზნების მიღწევა შეუძლებელია და რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ მოითმენს საერთაშორისო სამართლის დარღვევას, მით უფრო მეტი შანსი იქნება ამ ომის დასასრულებლად“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
გერმანიის მთავრობის მეთაურმა ასევე თქვა, რომ პუტინი არ არის მზად მოლაპარაკებებისა და სამართლიანი მშვიდობისთვის.
„საერთოდ, მზადაა კი რუსეთი მოლაპარაკებისა და სამართლიანი მშვიდობისთვის? ამ მომენტში ამაზე არაფერი მიუთითებს“, – განაცხადა შოლცმა.
სიტყვით გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა მიმართა ჩინეთს და გააფრთხილა, არ მიწოდოს რუსეთს შეიარაღება. მან ასევე მოუწოდა პეკინს, ზეგავლენა მოახდინოს მოსკოვზე, რათა რუსეთმა უკრაინიდან ჯარი გაიყვანოს.
„ჩემი გზავნილი პეკინისადმი მკაფიოა – გამოიყენეთ თქვენი გავლენა მოსკოვში, რათა უბიძგოთ რუსეთს სამხედრო ძალების გაყვანისკენ და არ მიაწოდოთ აგრესორს შეიარაღება“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.