ოლაფ შოლცი - რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, რათა რეგიონში მშვიდობას მიეცეს შანსი, ყოველდღე ნათელი ხდება, რომ ეს არის ერთადერთი პერსპექტივა, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და ეს გავაკეთე კიდეც
ჭკუა ვისწავლეთ და ახლა ვცდილობთ, გვქონდეს გაზის მომარაგების სხვადასხვა წყარო არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ ევროკავშირში. ამისთვის ვავითარებთ ევროპაში ინფრასტრუქტურას, რომელიც შესაძლებელს გახდის ურთიერთგაცვლას, იმპორტს და ჩვენ ბევრ ქვეყანასთან ვდებთ ხელშეკრულებებს გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ამავდროულად, შოლცის თქმით, დგამენ სხვადასხვა ნაბიჯს, რათა მიაღწიონ ენერგოდამოუკიდებლობას.
„ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სადღაც მსოფლიოში შეიძლება, გაჩნდეს სირთულეები, რომლებსაც აქვთ შედეგები ეკონომიკური ურთიერთობებისთვისაც. ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენ შევეწინააღმდეგოთ ყველას, ვინც დეგლობალიზაციის მომხრეა. მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, უნდა ივაჭროს ერთმანეთთან, მაგრამ ჩვენ დივერსიფიკაციის მომხრეები ვართ.
ჩვენ ჭკუა ვისწავლეთ და ახლა ვცდილობთ, რომ გვქონდეს გაზის მომარაგების სხვადასხვა წყარო არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ ევროკავშირში. ამისთვის ვავითარებთ ევროპაში ინფრასტრუქტურას, რომელიც ურთიერთგაცვლას, იმპორტს გახდის შესაძლებელს და ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანასთან ვდებთ ხელშეკრულებებს გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით. ეს არის, რაც ჩვენ ვისწავლეთ და ეს მოქმედებს ჩვენს გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც ახლა ვიღებთ. გავზარდეთ იმპორტი ნორვეგიიდან და ნიდერლანდებიდან, ნიდერლანდების, ბელგიის და საფრანგეთის საპორტო ქალაქებიდან შემოდის გაზი გერმანიის საპორტო ქალაქებში. შენდება თხევადი გაზის ტერმინალები და ეს ყველაფერი კეთდება, რათა მივაღწიოთ ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრის შესახებ კითხვაზე პასუხისას ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ ომთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციებში ცვლილება ვერ დაინახა. შოლცის განცხადებით, რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, რათა რეგიონში მშვიდობას შანსი მიეცეს.
„რაც შეეხება შეკითხვას რუსეთის პრეზიდენტთან ჩემს საუბართან დაკავშირებით, ვერ გეტყვით, რომ იქ რაღაც შეიცვალა, ან გაიზარდა შეგნება იმისა, რომ ომის დაწყება შეცდომა იყო. მე ვერ დავინახე, ვერ შევამჩნიე, რომ ახალი პოზიციები გაჩნდა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია ერთმანეთთან ლაპარაკი და მნიშვნელოვანია, მეთქვა, მე რასაც ვფიქრობ ამასთან დაკავშირებით, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი უნდა წავიდეს უკრაინიდან, უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, რათა რეგიონში მშვიდობას მიეცეს შანსი. მით უფრო, ყოველდღე ნათელი ხდება, რომ ეს არის ერთადერთი პერსპექტივა. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და ეს გავაკეთე კიდეც“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.