ოლაფ შოლცი - პუტინმა უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, ეს არის მოლაპარაკების საფუძველი
პუტინმა უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, ეს არის მოლაპარაკების საფუძველი, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
გერმანიის მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთ-უკრაინის ერთწლიანი ომი ჩიხში შევიდა, რაც უზარმაზარ ზიანს აყენებს უკრაინას, მაგრამ არავინ უნდა აიძულოს უკრაინელები, წავიდნენ არაკომფორტულ კომპრომისებზე.
შოლცმა ასევე დადებითად ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტზე, ჯო ბაიდენზე და მიმდინარე საერთაშორისო კრიზისის დროს მის ლიდერობაზე.
„ჩემი აზრით, აუცილებელია, პუტინმა გააცნობიეროს, რომ თავისი შეჭრით და იმპერიალისტური აგრესიით წარმატებას ვერ მიაღწევს და ჯარები უნდა გაიყვანოს. ეს არის მოლაპარაკების საფუძველი. უკრაინელების გარეშე გადაწყვეტა არ იქნება. პუტინმა აშკარად არასწორად შეაფასა უკრაინის სიძლიერე, ისევე როგორც უკრაინის ყველა მეგობრის ერთიანობა რუსეთის შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. ძნელია, ვიმსჯელოთ, რა მოხდება შემდეგ უკრაინაში, მაგრამ არის რაღაც აბსოლუტურად ნათელი: ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ფინანსური, ჰუმანიტარული დახმარებით, ასევე იარაღით. ბაიდენი ძალიან ინფორმირებულია საერთაშორისო ურთიერთობებზე. ვფიქრობ, ის არის ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური პრეზიდენტი, რომელმაც იცის, როგორ არის საქმე მსოფლიოში, რაც მნიშვნელოვანია იმ დროს, როცა ვითარება სულ უფრო და უფრო საშიში ხდება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.