ოლაფ შოლცი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე - შეუძლებელია, სხვა პასუხი გქონდეს პუტინის აგრესიაზე
შეუძლებელია, სხვა პასუხი გქონდეს პუტინის აგრესიაზე, – ასე განმარტა გერმანიის კანცლერმა ქვეყნის გადაწყვეტილება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.
ოლაფ შოლცი ბუნდესტაგის საგანგებო სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
ოლაფ შოლცმა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა ევროპის ისტორიისთვის გარდამტეხ ეტაპად შეაფასა.
„პრეზიდენტ პუტინის ქმედებები არაადამიანურია, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და შეუძლებელია მისი გამართლება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
კანცლერის თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გერმანია პირობას დებს, რომ გაზრდის სამხედრო ხარჯებს. მისი თქმით, გერმანიის სამხედრო ბიუჯეტი დამატებითი 100 მილიარდი ევროთი გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან გერმანია თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტზე მეტს დახარჯავს. ასევე ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ რუსეთის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დაკეტა.
ამასთან, თავის სიტყვაში გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ეს ომი კატასტროფად იქცევა რუსეთისთვის. ამასთან, ოლაფ შოლცის განცხადებით, ძალიან მალე რუსეთის მმართველობა იგრძნობს, რა მაღალი ფასის გადახდა მოუწევს.
„ეს ომი კატასტროფაა უკრაინისთვის, მაგრამ ის კატასტროფად იქცევა რუსეთისთვის. ევროკავშირის ლიდერებთან ერთად შევთანხმდით უპრეცედენტო სანქციებზე. თვალი გავუსწოროთ, პუტინი კურსს ერთ ღამეში არ შეიცვლის, მაგრამ ძალიან მალე რუსეთის მმართველობა იგრძნობს, რა მაღალი ფასის გადახდა მოუწევს. არის რაღაც, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რუსეთის ბევრ ქალაქში ადამიანები პუტინის წინააღმდეგ გამოვიდნენ, ასე მოქცევა დიდ გამბედაობას საჭიროებს. ახალი რეალობა ახალ პასუხებს საჭიროებს და ჩვენ ამას ვაკეთებთ. როგორც იცით, გადავწყვიტეთ და გერმანია უკრაინას იარაღით დაეხმარება, რათა ამ ქვეყანამ თავი დაიცვას. პუტინის აგრესიაზე სხვა პასუხი ვერ იქნება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.