ოლაფ შოლცი - პუტინის აგრესიულ, იმპერიალისტურ რუსეთთან პარტნიორობა უახლოეს მომავალში წარმოუდგენელია
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ პუტინის აგრესიულ, იმპერიალისტურ რუსეთთან პარტნიორობა უახლოეს მომავალში წარმოუდგენელია. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა
„მოდით, მკაფიოდ ვთქვათ: პარტნიორობა რუსეთთან, რაც იყო 2010 წლის სტრატეგიული კონცეფციის მიზანი, უახლოეს მომავალში წარმოუდგენელია პუტინის აგრესიულ, იმპერიალისტურ რუსეთთან. უარის თქმა ძალადობაზე, საზღვრების და დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემა – ჩვენ ისევ და ისევ უნდა შევახსენოთ პუტინს ეს. ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად ვიმუშავებთ როგორც არასდროს, რომ შევინარჩუნოთ კანონზე და არა ძალაზე საერთაშორისო წესრიგი“, – განაცხადა შოლცმა.
ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას როგორც სამხედრო დახმარების სახით, ისე რეკონსტრუქციის მხრივ. მან უკრაინისთვის ახალი მარშალის გეგმის საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის აღდგენა შესაძლოა, თაობების საქმე იყოს.
„რუსეთი აწარმოებს უმოწყალო ომს უკრაინელი ხალხის, უდანაშაულო ქალების, კაცებისა და ბავშვების წინააღმდეგ. ეს არის ბარბაროსული დანაშაული. უკრაინას აქვს ყველანაირი უფლება, დაიცვას საკუთარი თავი და ჩვენი, როგორც ევროპელი მეზობლების, როგორც კანონისა და თავისუფლების დამცველების, როგორც უკრაინის მეგობრების და პარტნიორების მოვალეობაა, მხარი დავუჭიროთ მათ ამაში, როგორც შეგვიძლია. და როგორც ომით მოცული ევროპა საჭიროებდა აღდგენის მარშალის გეგმას მაშინ, უკრაინას ის სჭირდება დღეს. ევროკავშირმა მოახდინა მილიარდობით დოლარის მობილიზება უკრაინის დასახმარებლად ბოლო 100 დღის განმავლობაში. გერმანია ყოველთვის წინა ხაზზეა. თუმცა ჩვენ გვჭირდება კიდევ მრავალი მილიარდი ევრო და დოლარი აღდგენისთვის და ამას წლები დასჭირდება“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
რაც შეეხება 23-24 ივნისს დაგეგმილ ევროპული საბჭოს სხდომას, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
„უკრაინა ეკუთვნის ევროპულ ოჯახს. სწორედ ამიტომ ხვალ ევროპული საბჭოს სხდომაზე მე ყველა ძალისხმევას მივმართავ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მთელმა ევროკავშირმა თქვას „კი“. 27 „კი“ კანდიდატის სტატუს“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.