ოლაფ შოლცი - გვსურს, ინდოეთთან გავაღრმაოთ თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში და შევთანხმდეთ ჩვენი სამხედრო ძალების დაახლოებაზე
გერმანიას ინდოეთთან თავდაცვითი კავშირების გაღრმავება სურს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ნიუ დელიში ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, ნარენდრა მოდისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენი გზავნილი მკაფიოა, ჩვენ გვჭირდება მეტი თანამშრომლობა და არა – ნაკლები. ინდოეთთან ჩვენი მთავრობათაშორისი კონსულტაციებისას გვსურს, გავაღრმაოთ თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში და შევთანხმდეთ ჩვენი სამხედრო ძალების დაახლოებაზე“, – განაცხადა შოლცმა.
„როიტერის“ ცნობით, ინდოეთში შოლცი იმყოფება მაღალი დონის დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში მინისტრთა კაბინეტის წევრთა უმრავლესობა შედის. გერმანიის კანცლერი ასევე გამოვიდა მოწოდებით, რომ ევროკავშირსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში პროგრესი იყოს მიღწეული.
„დარწმუნებული ვარ, თუ ვიმუშავებთ ამ საკითხზე ერთად, პრემიერ-მინისტრო, ეს შესაძლებელი იქნება თვეების განმავლობაში და არა – წლების“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.