ოლაფ შოლცი - გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებას, იგივე ვრცელდება მოლდოვაზეც
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, თვის ბოლოს დანიშნულ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
აღნიშნულის შესახებ შოლცმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებას. იგივე ვრცელდება მოლდოვაზეც“, – განაცხადა შოლცმა.
ამავე პრესკონფერენციაზე შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს და ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს გადასცემს.
„რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა, რუსეთი ცვლის საზღვრებს ევროპაში ძალის გამოყენებით და ეს მიუღებელია. სწორედ ამიტომ გერმანია სხვა ქვეყნებთან ერთად, თავიდანვე დგას უკრაინის გვერდით. ჩვენ უკრაინას ვაწვდით ყველა სახის დახმარებას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ამას ვაკეთებთ როგორც ფინანსური მხარდაჭერით, ისე ჰუმანიტარული დახმარებით, რადგან გერმანიამ შეიფარა 800 ათასი უკრაინელი ლტოლვილი. გერმანიამ უარი თქვა ტრადიციულ მიდგომაზე და გადაწყვიტა შეიარაღება მიეწოდებინა უკრაინისთვის. ამას გავაგრძელებთ, ვიდრე ეს იარაღი უკრაინას სჭირდება. ჩვენ ასევე ვატარებთ უკრაინელი სამხედროების წვრთნებს, რათა მათ შეეძლოთ სარაკეტო სისტემებისა და სხვა აღჭურვილობის გამოყენება. ჩვენ დავპირდით უკრაინას ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას, ასევე დავთანხმდით, რომ აშშ-სთან და ბრიტანეთთან ერთად, მივაწვდით ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებს“, – განაცხადა შოლცმა.