ოლაფ შოლცი - ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი უკრაინისთვის იარაღის შეძენას მოხმარდება
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი უკრაინისთვის იარაღის შეძენას მოხმარდება. ამის შესახებ შოლცმა ბერლინში, „ვაიმარის სამკუთხედის“ ფორმატში საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ოლაფ შოლცის განცხადებით, შეხვედრის მონაწილეები უკრაინისთვის მთელ მსოფლიო ბაზარზე მეტი იარაღის, მათ შორის, შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის შეძენასა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების გაფართოებაზე შეთანხმდნენ.
„ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ეს მკაფიოდ განვაცხადეთ თავიდანვე და ეს ნამდვილად გაგრძელდება, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ცხადია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ასევე ცხადია, რომ ჩვენ არ ვიმყოფებით რუსეთთან ომის მდგომარეობაში. ჩვენი საერთო მიზანი არის და მიზნად დარჩება, უზრუნველვყოთ, რომ უკრაინას შეეძლოს, ეფექტიანად დაიცვას საკუთარი თავი რუსეთის აგრესიისგან“, – განაცხადა შოლცმა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ მათი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შესუსტდება.
„მოსკოვს მკაფიო სიგნალს ვუგზავნით: რუსეთის პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შესუსტდება. ჩვენ ერთიანად ვდგავართ უკრაინის მხარეს“, – აღნიშნა გერმანიის ლიდერმა.
შეხვედრის შემდგომ საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამივე ქვეყანას მტკიცედ აქვს განზრახული, არ დაუშვან რუსეთის გამარჯვება და გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა ბოლომდე.
„უკრაინაში წყდება ჩვენი მომავალი, ჩვენი უსაფრთხოება. ჩვენ ამას ვაკეთებთ უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად, რომელთა ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის ქვეშაა. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ დავიცვათ საერთაშორისო სამართალი და იმიტომაც, რომ უკრაინაში ევროპელების უსაფრთხოება წყდება. სწორედ ასეთი სიმტკიცით გვსურს, შევეწინააღმდეგოთ რუსეთის მიერ დაწყებულ აგრესიის ომს“, – განაცხადა მაკრონმა.
თავის მხრივ, დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა მიიღეს მისი შეთავაზება, პოლონეთს ზაფხულის დასაწყისში ეწვიონ.
„მოხარული ვარ, რომ თქვენ მიიღეთ ჩემი მოწვევა, შევხვდეთ პოლონეთში ზაფხულის დასაწყისში. ეს იქნება შესაძლებლობა, რომ შევაჯამოთ, რას მივაღწიეთ ერთად და დავსახოთ ახალი გეგმები. ასე რომ, მადლობა. მჯერა, რომ ეს არის კარგი დასაწყისი „ვაიმარის სამკუთხედისთვის“, შესანიშნავი ფორმატისთვის, რომლიდანაც ჩვენ, ყველანი სარგებელს მივიღებთ“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.