ოლაფ შოლცი ევროპასა და აშშ-ს უკრაინის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის საკითხში ერთიანობისკენ მოუწოდებს
ოლაფ შოლცი ევროპასა და აშშ-ს უკრაინის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის საკითხში ერთიანობისკენ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ევროპასა და აშშ-ს უკრაინის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის საკითხში ერთიანობისკენ მოუწოდებს.

„ახლა ჩვენთვის ძალიან ნათელია, რომ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. მათ უნდა შეძლონ, ჰქონდეთ ჩვენი იმედი, რომ ასე იქნება. ჩვენ მივესალმებით იმას, რომ მიმდინარეობს საუბრები მშვიდობის დამყარებაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება, იყოს კარნახით მიღებული მშვიდობა და არ ნიშნავს, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს ის, რაც მას წარედგინება. ამ მხრივ, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უკრაინის პრეზიდენტთან და მთლიანად უკრაინასთან“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, უნდა მოხდეს უსაფრთხოებისა და პასუხისმგებლობის გაყოფა ევროპასა და აშშ-ს შორის.

„ნატო ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ჩვენ ყოველთვის ერთად ვმოქმედებთ და ვიზიარებთ რისკს, რითიც უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას. ეს არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ“, – დასძინა გერმანიის კანცლერმა.

ოლაფ შოლცმა ისაუბრა უკრაინის დახმარების შესახებაც.

„უკრაინის დაფინანსების ყველა მცდელობა ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში შემცირებების, ინფრასტრუქტურული ინვესტიციების შემცირების, იქნება ეს რკინიგზა, გზები თუ სხვა ამოცანები, ან ჩვენს სოციალურ სფეროში შემცირებების ხარჯზე, განწირულია მარცხისთვის და არ მიიღებს ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერას“, – განაცხადა შოლცმა.