იოჰან ვადეპული – აზერბაიჯანს ძალიან მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რადგან ქვეყანას მეზობლური ურთიერთობები აქვს როგორც რუსეთთან, ისე ირანთან

15:39, 18.11.2026

აზერბაიჯანს ძალიან მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რადგან ქვეყანას მეზობლური ურთიერთობები აქვს როგორც რუსეთთან, ისე ირანთან, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა ბაქოში, აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანს ენერგომომარაგების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ევროპაში სტაბილურობის შენარჩუნებაში შეტანილი წვლილია.

ვადეპულის განცხადებით, აზერბაიჯანსა და გერმანიას შორის ეკონომიკური ურთიერთობებისა და ენერგომომარაგების მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს.

„ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ჩვენი ენერგეტიკული სექტორისთვის, ისევე როგორც ჩვენი ეკონომიკისთვის“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, ვადეპულმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში ევროპაც უნდა იყოს ჩართული.

„ველოდები და ეჭვის შეტანის საფუძველი არ მაქვს, რომ უკრაინის მომავალზე მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის, ევროპის მონაწილეობით გაიმართება“, – განაცხადა ვადეპულმა.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ევროპის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იქნება მდგრადი შეთანხმების მიღწევა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ამ ომის დასრულების შემდეგ ახალი კონფლიქტი აღარ დაიწყოს.

ვადეპულმა იმედი გამოთქვა, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდება.

ვადეპულმა დადებითად შეაფასა შენჟენში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაგეგმილი შეხვედრაც.

„როგორც საგარეო პოლიტიკის ექსპერტი, ვამბობ, ნებისმიერი საუბარი, რომელიც იმართება, კარგი საუბარია“, –  განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თავის მხრივ, ბაირამოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და გერმანიას შორის ურთიერთობები ისტორიულ მეგობრობას ეფუძნება.

„ორ ქვეყანას შორის კავშირები ყოველთვის ემყარებოდა ურთიერთპატივისცემას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ორივე სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებას“, – აღნიშნა ბარიამოვმა.

ბაირამოვის თქმით, გერმანელ კოლეგასთან გამართული მოლაპარაკებების დროს მხარეებმა რეგიონული საკითხებიც განიხილეს.

„გერმანელ კოლეგასთან მოლაპარაკებების ფარგლებში, რეგიონული საკითხებიც განვიხილეთ“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, გასულ წელს აზერბაიჯანსა და გერმანიას შორის სავაჭრო ბრუნვამ 1.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარს გაუტოლდა.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ერევანში გაემგზავრება. ეს მისი პირველი ვიზიტია რეგიონის ქვეყნებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში.

მსგავსი