საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჟან-ლუკ მელანშონმა გაიმარჯვოს, თუ მისი მეტოქე მარინ ლე პენი იქნება
საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის, ჟერალდ დარმანინის განცხადებით, 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, შესაძლოა, ულტრამემარცხენე პოლიტიკოსმა, ჟან-ლუკ მელანშონმა გაიმარჯვოს, თუ მისი მეტოქე ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი მარინ ლე პენი იქნება.
„მელანშონი მეორე ტურში თუ გავა და მარინ ლე პენს დაუპირისპირდება, ვფიქრობ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი შოკი იქნება“, – განაცხადა დარმანინმა.
მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში მელანშონს მხარს დაუჭერს მემარცხენე ამომრჩეველი, რომლის შეხედულებებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე.
„საუკეთესო გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბატონი მელანშონი რესპუბლიკის პრეზიდენტი არასდროს გახდეს, არის ის, რომ მეორე ტურში არ დაუშვათ“, – განაცხადა დარმანინმა.
დარმანინმა მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის, „რესპუბლიკელების“ ლიდერს, ბრუნო რეტაიოს და „რენესანსის“ ლიდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გაბრიელ ატალს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმისა და ცენტრისტული ბანაკის ერთიანი კანდიდატის, საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ედუარ ფილიპის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ მეორე ტურში მელანშონთან დაპირისპირების შემთხვევაში მარინ ლე პენი გაიმარჯვებს.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 18 აპრილს გაიმართება, მეორე ტური კი, სავარაუდოდ, 2 მაისს ჩატარდება.