ოლაფ შოლცი - ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს მხარი დაუჭიროს კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის
ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს მხარი დაუჭიროს იმ კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ოლაფ შოლცმა უპასუხა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას, „როგორი იქნება გერმანიის მხარდამჭერი ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, რა როლს შეასრულებს გერმანია საქართვველოსთვის“.
„პირველ რიგში, მნიშვნელოვანი გახლავთ პოლიტიკური მხარდაჭერა. ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს მხარი დაუჭიროს იმ კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის. ეს გახლავთ ცენტრალური შეხედულება ყველასი და საბოლოო ჯამში, ვინც არის კანდიდატი, იმ ქვეყნის საქმეა, რომ შეასრულოს კრიტერიუმები. მაგრამ, ჩვენგან საქართველოს ექნება ყველანაირი მხარდაჭერა, რათა სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები იქნას განხორციელებული. გარდა ამისა, ეკონომიკური პერსპექტივების განვითარებაზეა ლაპარაკი, ამიტომაც გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა განვითარების პოლიტიკის საქმეში, ამის გაფართოებაც შეიძლება. სამომავლო განვითარებისთვის კიდევ ბევრი სხვა სფერო არსებობს – ეს გახლავთ ენერგეტიკის სფერო და ამაზე გვქონდა დღეს საუბარი“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.